სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა ბაქოში აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ილჰამ ალიევმა იმედი გამოთქვა, რომ აჰმედ ალ-შარაას აზერბაიჯანში ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებაში მნიშვნელოვანი იქნება.

ილჰამ ალიევის თქმით, სირიის წინა მთავრობის დროს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის მიმართ არამეგობრულ პოლიტიკას ატარებდა, ორმხრივ ურთიერთობებში სტაგნაცია იყო.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სირიაში ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ, ურთიერთობების განვითარების დიდი პერსპექტივები გაიხსნა. მისივე თქმით, შეხვედრისას ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარების პროექტები განიხილეს.

თავის მხრივ, აჰმედ ალ-შარაამ სინანულით აღნიშნა, რომ წინა მთავრობამ დააზიანა სირიის ურთიერთობები ბევრ ქვეყანასთან, მათ შორის აზერბაიჯანთან. მისივე თქმით, დაინტერესებულია აზერბაიჯანთან თანამშრომლობით პოლიტიკურ, სავაჭრო, ეკონომიკურ, კულტურულ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში.

შეხვედრისას აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში განხორციელდება თურქეთის გავლით სირიაში აზერბაიჯანული გაზის ექსპორტის პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აზერბაიჯანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს სირიის ენერგეტიკული სექტორის აღდგენაში.