შვეიცარია აშშ-ისგან 10%-იანი ტარიფების დაწესებას ელოდა, თუმცა ქვეყანას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი განაკვეთი დაუწესეს. შვეიცარიის პრეზიდენტი კარინ კელერ–სუტერი აცხადებს, რომ ტრამპმა მას უთხრა, რომ ბერნი ვაშინგტონს „ფულს ჰპარავდა“.- ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.
გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ აშშ-ის მიერ ათობით ქვეყნისთვის ტარიფების დაზუსტებამდე ერთი დღით ადრე, შვეიცარიის პრეზიდენტსა აშშ-ის ლიდერს შორის „კატასტროფული“ სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც 30 წუთს გაგრძელდა. სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე მოლაპარაკებები, რომლის დროსაც შვეიცარიის ოფიციალურმა პირებმა 10%-იანი საბაჟო გადასახადის დაწესების მოლოდინი დააფიქსირეს. სანაცვლოდ, შვეიცარია მზად იყო აშშ-ში 150 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩაედო.
Financial Times წერს, რომ სატელეფონო საუბრის დროს ტრამპი მხოლოდ ერთი საკითხით იყო დაინტერესებული, რაც შვეიცარიასთან წელიწადში 39 მილიარდი დოლარის სავაჭრო დეფიციტს უკავშირდება. წყაროების ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტს აინტერესებდა, „კიდევ რას სთავაზობდა ეს ძალიან მდიდარი ალპური ქვეყანა“.
„საუბარი ცუდად წარიმართა იმ გაგებით, რომ პირველივე წუთიდან ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ 10% საკმარისი არ იყო. მან მხოლოდ იმაზე გაამახვილა ყურადღება, რომ შვეიცარია აშშ-ს ფულს ჰპარავდა“, - თქვა ერთ-ერთმა პირმა და დასძინა, რომ კელერ-სუტერს „სათქმელი არაფერი ჰქონდა“.
შვეიცარიისთვის დაწესებული ტარიფები 39%-ს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ევროპაში კი ყველაზე მაღალია. აპრილში ტრამპმა განაცხადა, რომ შვეიცარიას 31%-იან ტარიფებს დაუწესებდა, თუმცა საბოლოოდ დასახელებულზე მაღალი გადასახადები დაწესდა.
Financial Times წერს, რომ კრიტიკოსები შვეიცარიის პრეზიდენტს სიტუაციის არასათანადოდ შეფასებაში ადანაშაულებენ. სხვები მოლაპარაკებების ჩაშლაში ფარმაცევტულ კომპანიებს ადანაშაულებენ. შვეიცარიის ფედერალურმა საბჭომ (მთავრობამ) განაცხადა, რომ ვაშინგტონის გადაწყვეტილება მათთვის „ღრმა სინანულის“ საგანია.