აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში სახმელეთო ოპერაციებისთვის ათასობით სამხედრო მოსამსახურის გაგზავნის საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, ახლო აღმოსავლეთში დამატებით ათასობით სამხედროს გაგზავნა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას ირანში ოპერაციის გაფართოების შესაძლებლობას მისცემს.

„აღნიშნული ვარიანტები ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერების უსაფრთხოდ გავლის უზრუნველყოფას მოიცავს. ეს მისიაა, რომელსაც ძირითადად საჰაერო და საზღვაო ძალები შეასრულებენ“, - განაცხადეს გამოცემის წყაროებმა.

ორი ამერიკელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, შესაძლოა, ირანის სანაპირო ზოლზე ამერიკელი სამხედროების განლაგებას მოიცავდეს.

ასევე, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის ხარგის კუნძულზე აშშ-ის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესაძლებლობაც განიხილა.

„ამ დროისთვის სახმელეთო ძალების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა პრეზიდენტი ტრამპი ყველა ვარიანტს იტოვებს“, - აღნიშნა თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

www.interpressnews.ge