აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიის ხელმძღვანელი გარი გენსლერი თანამდებობას 2025 წლის 20 იანვარს – ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვებს. მისი სამსახურის ვადა ამ პოსტზე მხოლოდ 2026 წელს მთავრდება, თუმცა, ახალი პრეზიდენტის მოსვლასთან ერთად აშშ-ის ფედერალური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომა ჩვეულებრივი პრაქტიკაა, აღნიშნავს MarketWatch.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველ დღეს გენსლერს, რომელსაც კრიპტოვალუტის ბაზრის სკეპტიკოსის რეპუტაცია აქვს, მოხსნის SEC-ის ხელმძღვანელის პოსტიდან.
გენსლერიSEC-ს სათავეში ჩაუდგა 2021 წლის აპრილში, თანამდებობაზე ის ბაიდენმა წარადგინა.
ბაზრის ბევრმა მონაწილემ მიიჩნია გენსლერის პოზიცია კრიპტოვალუტების მიმართ მტრულად, რადგან SEC-მა მისი ხელმძღვანელობით სარჩელი შეიტანა სექტორის რამდენიმე წარმომადგენლის წინააღმდეგ და ასევე დაჟინებით მოითხოვდა, რომ კრიპტოვალუტები უნდა დარეგულირებულიყო როგორც ფასიანი ქაღალდები.
„ბოლო სრული ფისკალური წლის განმავლობაში, SEC-ის მითითებების, საჩივრებისა და რეკომენდაციების 18% ეხებოდა კრიპტოვალუტის ბაზარს, თუმცა ის წარმოადგენს აშშ-ს კაპიტალის ბაზრის 1%-ზე ნაკლებს“, - აცხადებდა SEC-ი.
მოლოდინმა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია უფრო მეგობრულ პოზიციას დაიკავებს კრიპტოვალუტების მიმართ, ბიტკოინის ფასის ახალ რეკორდებამდე გაზრდა გამოიწვია.