ხელოვნურ ინტელექტში (AI) მილიარდობით დოლარის ინვესტირება შესაძლოა მსოფლიო ეკონომიკისთვის სერიოზულ პრობლემად იქცეს. ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF) აფრთხილებს. ფონდის შეფასებით, თუ ტექნოლოგიური კომპანიები ინვესტორების მოლოდინებს ვერ გაამართლებენ, შედეგები მხოლოდ ტექნოლოგიურ სექტორს არ დააზარალებს და შესაძლოა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზეც აისახოს.
სავალუტო ფონდი ამ რისკებზე გლობალური ფინანსური სტაბილურობის ანგარიშში საუბრობს (ანგარიში 13 ოქტომბერს გამოქვეყნდა). ანგარიშის მიხედვით, ბაზრები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ კომპანიებზე. შესაბამისად, თუ ამ სექტორში ინვესტიციები მოსალოდნელ მოგებას ვერ მოიტანს, შესაძლოა აქციების ფასები მკვეთრად დაეცეს.
ხელოვნურ ინტელექტში ჩადებულმა ფულმა ბოლო პერიოდში ხელი შეუწყო საფონდო ბაზრების ზრდასა და ეკონომიკური აქტივობის შენარჩუნებას. თუმცა, სავალუტო ფონდი შიშობს, რომ ეს ბუმი შესაძლოა სწრაფად დასრულდეს. ტექნოლოგიური გიგანტები მილიარდობით დოლარს სესხულობენ, ინვესტორები კი ფულს ძირითადად რამდენიმე მსხვილ კომპანიაში აბანდებენ. თუ მათ მიმართ ნდობა შემცირდება და აქციების მასობრივი გაყიდვა დაიწყება, შედეგები მხოლოდ სილიკონის ველით არ შემოიფარგლება.
კომპანიები ერთმანეთისგანაც იღებენ ფულს
სავალუტო ფონდის კიდევ ერთი შეშფოთების მიზეზი ის ფინანსური გარიგებებია, როდესაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიები ერთდროულად ერთმანეთის ინვესტორებიც არიან, დამფინანსებლებიც და მომხმარებლებიც.
ასეთი გარიგებები სექტორში ფულის მოძრაობას ხელს უწყობს, თუმცა რისკსაც ზრდის. თუ ერთ კომპანიას ფინანსური პრობლემები შეექმნება, ეს შესაძლოა სწრაფად აისახოს სხვა კომპანიებზეც, რომლებიც მასთან ფინანსურად ან კომერციულად არიან დაკავშირებული.
ხელოვნური ინტელექტის ბუმის შესაძლო შედეგებზე სხვა ფინანსური ექსპერტებიც საუბრობენ. საინვესტიციო კომპანია Jefferies-ის სტრატეგმა კრის ვუდმა გააფრთხილა ბაზარი, რომ აშშ-ის მიერ AI-ში განხორციელებულმა უზარმაზარმა ინვესტიციებმა შესაძლოა „კაპიტალის მასშტაბური განადგურება“ გამოიწვიოს.
ერთ-ერთ საფრთხედ ის ჩინურ ღია კოდის მოდელებს ასახელებს, რომლებიც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების პროდუქტებზე იაფი შეიძლება იყოს. თუ ასეთი მოდელები ფართოდ გავრცელდება, შესაძლოა შემცირდეს ის მოგება, რომლის მიღებასაც ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები ელიან.
მსგავსი გაფრთხილება ივნისში საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკმაც (BIS) გაავრცელა. ბანკმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის გარშემო შექმნილ ბუმს წარსულში არსებული ფინანსური ბუშტების ნიშნები აქვს. როდესაც ინვესტიციების დიდი ნაწილი რამდენიმე კომპანიაშია თავმოყრილი, ინვესტორების ნდობის დაკარგვამ შესაძლოა მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე სერიოზული რყევები გამოიწვიოს.
AI-ს გარდა, სავალუტო ფონდი კიდევ ორ საფრთხეს ხედავს
სავალუტო ფონდი ფინანსური სტაბილურობისთვის ორ დამატებით რისკსაც გამოყოფს: სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდასა და კიბერშეტევებს.
ობლიგაციების შემოსავლიანობის ზრდამ შესაძლოა მთავრობებს სესხის აღება გაუძვიროს. ეს განსაკუთრებით რთული იქნება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ისედაც მაღალი სახელმწიფო ვალი აქვთ.
კიბერშეტევები კი შესაძლოა საბანკო და სხვა ფინანსური სერვისების მუშაობას სერიოზულად დაემუქროს.
დღეს ბანკები სულ უფრო მეტად არიან დამოკიდებული ღრუბლოვანი სერვისების რამდენიმე მსხვილ მომწოდებელსა და პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაზე. ეს ნიშნავს, რომ ერთ მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ სისტემაში წარმოქმნილმა პრობლემამ შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ბანკის მუშაობაზე იმოქმედოს.
სავალუტო ფონდის გაფრთხილებით, თუ კიბერშეტევა მსხვილ ბანკს ან მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ კომპანიას მწყობრიდან გამოიყვანებს, შესაძლოა შეფერხდეს გადახდები, ფინანსურ ბაზრებზე ვაჭრობა და მომხმარებლების მიერ საკუთარ საბანკო ანგარიშებსა თუ დეპოზიტებზე წვდომაც.
კიბერშეტევების რისკს AI-ც ზრდის
საფრთხეს ისიც აძლიერებს, რომ კიბერდამნაშავეებს პროგრამულ სისტემებში არსებული სისუსტეების აღმოჩენა და გამოყენება სულ უფრო სწრაფად შეუძლიათ.
სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2026 წელს კიბერთავდამსხმელებმა, პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი ხარვეზების 70%-ზე მეტი, ჯერ კიდევ მათ საჯაროდ გამოქვეყნებამდე ან გამოქვეყნების დღესვე გამოიყენეს.
ეს იმას ნიშნავს, რომ კომპანიებსა და უსაფრთხოების სპეციალისტებს პრობლემის აღმოსაჩენად და გამოსასწორებლად შესაძლოა ძალიან ცოტა დრო ჰქონდეთ.
ფონდის შეფასებით, ხელოვნური ინტელექტის უფრო განვითარებულმა მოდელებმა შესაძლოა კიბერდამნაშავეებს დამატებითი შესაძლებლობები მისცეს. მათ შეუძლიათ დაეხმარონ პროგრამულ სისტემებში სისუსტეების უფრო სწრაფად აღმოჩენასა და გამოყენებაში.
ელოდება თუ არა მსოფლიო ფინანსურ კრიზისს?
მიუხედავად რისკებისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აცხადებს, რომ ფინანსური კრიზისი გარდაუვალია ან ის უახლოეს მომავალში აუცილებლად დაიწყება.
ფონდის შეფასებით, გლობალურმა ფინანსურმა ბაზრებმა ჯერჯერობით მდგრადობა შეინარჩუნა. სტრესტესტების შედეგებიც აჩვენებს, რომ საბანკო სისტემას მძიმე ეკონომიკური ვარდნის გაძლება შეუძლია, თუმცა შედარებით სუსტი ფინანსური მდგომარეობის მქონე ბანკები უფრო მოწყვლადები იქნებიან.
ამასთან, სავალუტო ფონდი მარეგულირებლებს მოუწოდებს, ყურადღებით აკონტროლონ კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების ჭარბი სესხება, ინვესტიციების ზედმეტი კონცენტრაცია და კიბერუსაფრთხოება.
ფონდის მთავარი გზავნილი ისაა, რომ ხელოვნური ინტელექტის განვითარება თავისთავად ფინანსური კრიზისის მიზეზი არ არის. თუმცა, თუ სექტორში ინვესტიციები გადაჭარბებულ მოლოდინებს დაეფუძნება, ხოლო ფინანსური რისკები სათანადოდ არ გაკონტროლდება, პრობლემები შესაძლოა მთელ მსოფლიო ეკონომიკას შეეხოს.
ტექნოლოგია, რომელიც გლობალური ეკონომიკის გარდაქმნას გვპირდება, საბოლოოდ თავადვე რომ გახდეს ფინანსური კრიზისის გამომწვევი, ნამდვილად ირონიული სცენარი იქნებოდა.
წყარო: ბრიტანული გამოცემა - „The Register“