2022 წლის სექტემბერში, როდესაც ალექსანდრ მენიუკოვმა რუსეთი დატოვა, მოწმის სტატუსი ჰქონდა თავისი ახლო მეგობრის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეში; მეგობარს, პოეტს, ბრალად ედებოდა ომის საწინააღმდეგო ლექსების საჯაროდ, ქუჩაში კითხვა. ეს იყო დანაშაული.

მას შემდეგ, რაც იმავე თვეში პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში განცდილი სამხედრო წარუმატებლობის გამო მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთი ასობით ათასმა მოქალაქემ დატოვა. თუმცა მენიუკოვისთვის - რომელიც ომის წინააღმდეგ განწყობილ რუსებს იურიდიულ კონსულტაციას უწევდა - მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც მოსკოვის ბინაში პოლიციის ჩხრეკისას სასტიკად სცემეს.

უკვე ყაზახეთში ყოფნისას მენიუკოვმა ძალ-ღონე არ დაიშურა, რათა პასპორტი ვადის გასვლამდე განეახლებინა. მდგომარეობას ამძიმებდა რუსეთის სხვა მოქალაქეების ნაკადი, რომლებიც საბუთების სასწრაფოდ მოწესრიგებას ცდილობდნენ. რამდენიმე თვის შემდეგ მენიუკოვი ჰუმანიტარული ვიზით პოლონეთში აღმოჩნდა.

ახლა მენიუკოვის და შესაძლოა, ქვეყნის გარეთ მცხოვრები რუსებისთვის ცხოვრება ბევრად უფრო გართულდება.

ვლადიმირ პუტინის მიერ 4 აგვისტოს ხელმოწერილი კანონის მიხედვით, ადმინისტრაციულ ან სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებულ საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს აეკრძალებათ პასპორტის განახლება ან ისეთი დოკუმენტების ნოტარიულად დამოწმება, როგორიცაა ქორწინების მოწმობა.

ახალი კანონი შესაძლოა შეეხოს აქტივისტებს, რომლებიც უცხოური დაფინანსების მქონე ორგანიზაციებში მუშაობდნენ, რიგით რუსებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ე.წ. არასასურველ ორგანიზაციებთან, ან მათ, ვინც საჯაროდ საუბრობს უკრაინაში რუსეთის არმიის კოლოსალურ დანაკარგებზე.

იურისტები, უფლებადამცველები და რუსი ემიგრანტები კანონს „სამოქალაქო სიკვდილს“ უწოდებენ. მათ ეშინიათ, რომ სამართლებრივ და ბიუროკრატიულ ჩიხში აღმოჩნდებიან, საიდანაც თავის დაღწევის შანსი თითქმის არ ექნებათ.

"პოლონეთში ყოფნისას ჩემი პასპორტის მოქმედების ვადა რომ ამოწურულიყო და ეს შეზღუდვები იმ დროს ჩემზეც გავრცელებულიყო, ახალი პასპორტის მისაღებად განაცხადის შეტანის უფლებას არ მომცემდნენ", - ამბობს მენიუკოვი ვარშავიდან მიცემულ ინტერვიუში.

"ეს სისტემა ასე მუშაობს. ახლა კი ეს რუსებისთვის უდიდესი პრობლემა გახდება".

"ფორმალურად მათ შეუნარჩუნდებათ მოქალაქეობა, თუმცა დაკარგავენ წვდომას სამართლებრივ მომსახურებაზე. ეს, ფაქტობრივად, მოქალაქეობის არქონას ნიშნავს", - ამბობს ამერიკული უფლებადამცველი ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის რუსეთის პროგრამის მკვლევარი ტანია ლოკშინა.

"მიზანია, საზოგადოებას მკაფიო სიგნალი გაუგზავნოს და მოახდინოს ე.წ. მსუსხავი ეფექტი როგორც ქვეყნიდან წასულებზე, ისე მათზე, ვინც სამშობლოში დარჩა", - განაცხადა რუსმა იურისტმა გლებ ბოგუშმა, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს.

რუსი მაღალჩინოსნები საკუთარ განზრახვებს არ მალავენ.

"ვინც საზღვარგარეთ წავიდა და ქვეყანას ვნებს, ოპოზიცია კი არა, მოღალატე და დამნაშავეა", - განაცხადა გასულ კვირას სახელმწიფო დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.

გაუქმებული მოქალაქეობა

უკვე თითქმის 20 წელია, რაც რუსეთის ხელისუფლება ეტაპობრივად აფართოებს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომლებსაც განსხვავებული აზრის დასასჯელად, დამოუკიდებელი მედიის ცენზურისთვის, სამოქალაქო ჯგუფების დახურვისთვის და პოლიტიკური ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს.

საუბარია ისეთ ზომებზე, როგორიცაა კანონი "უცხოელი აგენტების" შესახებ, რომელიც სჯის უცხოური დაფინანსების მიმღებ ფიზიკურ პირებსა და ჯგუფებს. ასევე, კანონი "არასასურველი ორგანიზაციების" შესახებ, რომელიც კრძალავს ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიჩნეულ უცხოურ ორგანიზაციებს და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აკისრებს ყველას, ვინც მათთან თანამშრომლობს, მათ საქმიანობაში მონაწილეობს ან მათთვის თანხებს სწირავს.

2022 წელს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ უფრო დრაკონული ზომები მიიღო.

უკრაინაში რუსეთის არმიის დანაკარგების შესახებ მონაცემების ან რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების ამსახველი მასალების გამოქვეყნება ისჯება კანონით "რუსეთის შეიარაღებული ძალების დისკრედიტაციის" შესახებ, ხოლო რუსეთის იმ მოქალაქეს, რომელიც მოსკოვის მიერ ანექსირებულ უკრაინის რეგიონებს უკრაინულად მოიხსენიებს, ბრალად რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის შელახვა შეიძლება დაედოს.

ვრცლად რადიო თავისუფლებაზე