ყოველ შემოდგომაზე საათების ინდუსტრიის წარმომადგენლები ჟენევის ტბასთან იკრიბებიან, რათა წლის საუკეთესო საათები დაასახელონ და დააჯილდოონ.

ყოველ შემოდგომაზე საათების ინდუსტრიის წარმომადგენლები ჟენევის ტბასთან იკრიბებიან, რათა წლის საუკეთესო საათები დაასახელონ და დააჯილდოონ. წელს ჟენევის კონკურსის მთავარ პრიზზე 90 საათია წარდგენილი.

“ჩვენი ჯილდო ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ პრიზი,“ – ამბობს რაიმონ ლორეტანი, Grand Prix d’Horlogerie de Genève-ის (GPHG) პრეზიდენტი. „გარდა იმისა, რომ ჩვენთან 2024 წელს გამოშვებული  ყველაზე დახვეწილი საათებია გამოფენილი, ჩვენი მისია გამარჯვებულის გამოვლენაზე შორს მიდის. ჩვენ მესაათის ოსტატობის მიმართ სიყვარულს ვავრცელებთ და ახალგაზრდებს საათთან დაკავშირებულ ფასეულობებს ვასწავლით, როგორებიცაა ინოვაცია, ტრადიცია და შემოქმედება. გარდა ამისა, ვცდილობთ ახალგაზრდებს მესაათის პროფესია გავაცნოთ და რაც შეიძლება მეტი ადამიანი დავაინტერესოთ მესაათის ხელობით“.

სანამ ჟიური გამარჯვებულს გამოავლენს, ევრონიუსის კორესპონდენტი კულისებიდან გაგაცნობთ  მესაათის ხელობას, რომელსაც ხელოვნების მეთორმეტე სახეობასაც უწოდებენ.

შვეიცარიის იურის მთები  საათის დახვეწილი ოსტატობის სავანეა. სწორედ აქ მოიგო საათის მწარმოებელმა კომპანია  Bovet-მა პრესტიჟული მთავარი პრიზი  – Grand Prix de l’Aiguille d’Or –  2018 წელს. ამ კომპანიამ, რომელიც ორ საუკუნეს ითვლის, წელს  წარმოადგინა საათი Prowess 1-ი, რომელსაც ფაქტობრივად რევოლუციური მექანიზმი აქვს, რადგან იგი დროს ყველა არსებული სასაათო სარტყლის  მიხედვით ცვლის. ეს ინოვაციური მექანიზმი „მექანიკური გამონაკლისის“ კატეგორიაშია წარდგენილი.

“ეს მექანიზმი საუკუნოვან პრობლემას ჭრის,“ – განმარტავს პასკალ რაფი,  Bovet-ის ხელმძღვანელი. „მხოლოდ ამ მოსამართ ღილაკზე ხელის დაჭერით მექანიზმის 25-ივე ცილინდრი დამოუკიდებლად იწყებს ბრუნვას. ეს ნამდვილად არის ტექნიკური მიღწევა“.

Bovet-ი მოწინავე ტექნოლოგიის პარალელურად არც ტრადიციულ ხელით მუშაობაზე ამბობს უარს: საათის ცილინდრებზე წვრილად დატანილი ქალაქების სახელები ხელითაა ამოტვიფრული.

“ჩვენი კომპანია საუკუნეებს ითვლის,“ – ამბობს რაიმონ ლორეტანი, GPHG-ის პრეზიდენტი. „ბატონი ედუარდ ბოვეს შემდეგაც ეს კომპანია სულ ცდილობდა ინოვაციის გზით ევლო, თუმცა დეკორატიულ მხარესაც ინარჩუნებდა. დროის ათვლა მემკვიდრეობითობის პრინციპით გადადის  ოსტატიდან ოსტატზე…. ოსტატობა კი გულისხმობს განათლებას, საერთო ფილოსოფიასა და ტრადიციას. მოდა წარმავალია, ტრადიცია კი მარადიული. დროს იმიტომ ვითვლით, რომ ჩვენთვის ძვირფასია. დროზე ძვირფასი  რა არის ადამიანის ცხოვრებაში?“

ჟენევაში დავბრუნდით, რათა გვენახა საათის კიდევ ერთი კომპანია – Frédérique Constant-ი, რომელიც სრულიად განსხვავებულ სამყაროს გვთავაზობს. ამ კომპანიას გრანპრიზე ორი საათი აქვს წარდგენილი. ერთის ციფერბლატზე, რომელიც საათის ოსტატ პიტერ სპიკესთან  ერთად შექმნეს, მუდმივი კალენდარია დატანილი, მეორეზე კი, რომლის დიზაინიც ფრანგ ოსტატს სეკონდ/სეკონდს (seconde/seconde) ეკუთვნის – მთვარის ფაზები. მის ციფერბლატზე საათის მაჩვენებლები  ხელნაწერი ლოგოს ირგვლივაა განლაგებული.

„მე ვუთხარი დიზაინერს, რომ ჩემგან სრული კარტ-ბლანში გაქვს-მეთქი,“ – განმარტავს  ნილს ეგერდინგი, Frédérique Constant-ის ხელმძღვანელი. „თუმცა დიზაინის კონცეფცია ჩემი კომპანიის მთავარ მესიჯზე უნდა ააგო-მეთქი. რადგან ჩვენ ახალგაზრდა კომპანია ვართ და ჩვენ საწარმოო პროცესი მთლიანად აქ სრულდება  კონცეფციით დაწყებული და პროდუქტის წარმოებით დამთავრებული. და მან ისეთი დიზაინი შემომთავაზა, როგორიც მინდოდა.“

კომპანია Frédérique Constant-მა, რომელიც წელს დაარსებიდან მეოცე წლისთავს აღნიშნავს, საკმაოდ სწრაფად გაითქვა სახელი შვეიცარიის საათის ინდუსტრიის რთულ ბაზარზე იმით, რომ მდიდრული პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად შესთავაზა.

„ჩვენი მისია ის არის, რომ რაც შეიძლება მეტ  ხალხს მივცეთ ფუფუნების საგნით ტკბობის საშუალება,“ – გვიხსნის  ნილს ეგერდინგი. „ჩვენ არ ვაძვირებთ ფასს, პირიქით უფრო ხელმისაწვდომი გავხადეთ იმ დროს,  როცა მრავალი სხვა ბრენდი ზრდიდა ფასს  და დამზადების ტექნოლოგიასაც ამის მიხედვით ცვლიდა.“

„ჩვენი ინდუსტრია წარმატებულია და ასეც გააგრძელებს, რადგან ჩვენი პროდუქცია დროის მიღმა დგას,“ – ამბობს  რომენ ვალეტი, Frédérique Constant-ის მესაათე. „ჩვენი პროდუქცია არ არის რიგითი სამომხმარებლო პროდუქტი, ეს არის პროდუქტი, რომელსაც შემოქმედებითად უდგები, ფიქრობ, ხვეწ, დეტალებს აქცევ ყურადღებას. ჩემი აზრით, სწორედ ამიტომ მოსწონს ხალხს“.

ჟენევის გრანპრის 2024 წლის ცერემონიაზე, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება ლემანის თეატრში, 20 პრიზი გადაეცემა წლის ყველაზე დახვეწილ საათებს.

ავტორი: სირილ ფურნერისი

წყარო: ევრონიუს ჯორჯია