რუსეთმა უახლესი საშუალო დისტანციის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოცადა, რომლითაც იერიში უკრაინის ქალაქ დნეპრზე 21 ნოემბერს მიიტანეს. დარტყმა დნეპროპეტროვსკში უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიულ კომპლექსში არსებულ ობიექტზე, სარაკეტო ტექნოლოგიის საწარმოზე განხორციელდა.

 

"21 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთ ობიექტზე კომბინირებული იერიში მიიტანეს. საბრძოლო მოქმედებების დროს ასევე გამოცადეს ერთ-ერთი უახლესი რუსული საშუალო მანძილის სარაკეტო სისტემა. ამ შემთხვევაში, ბალისტიკური რაკეტა არაბირთვული ჰიპერბგერითი ქობინით". - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, სატესტო გაშვება წარმატებული იყო და მიზანი მიღწეულია. პუტინმა აღნიშნა, რომ  დნეპროპეტროვსკში ეს იყო საბჭოთა კავშირის დროიდან, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე ცნობილი ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც დღეს  სარაკეტო ტექნოლოგიას და სხვა იარაღს აწარმოებს.

 

რუსეთმა ასევე განახორციელა ერთ-ერთი უახლესი საშუალო მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემის სატესტო გაშვება. საუბარია არაბირთვულ ბალისტიკურ რაკეტაზე, რომელსაც „ორეშნიკი“ ჰქვია.

პუტინმა განმარტა, რომ რუსეთმა ,,ორეშნიკი’’ ამერიკული და ბრიტანული წარმოების იარაღის თავდასხმის საპასუხოდ გამოიყენა. თავდასხმები 19 ნოემბერს ATACMS-ის ექვსი რაკეტით და 21 ნოემბერს Storm Shadow და HIMARS რაკეტებით სამხედრო ობიექტებზე ბრაიანსკის და კურსკის რეგიონებში განხორციელდა.

,,როგორც არაერთხელ აღვნიშნეთ, უკრაინის რეგიონულმა კონფლიქტმა, რომელიც მანამდე დასავლეთის მიერ იყო პროვოცირებული, გლობალური ხასიათის ელემენტები შეიძინა“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მოიგერიეს თავდასხმები და მტრის მიერ დასახული მიზნები "არ მიღწეულია". „კიდევ ერთხელ მინდა განსაკუთრებულად აღვნიშნო, რომ მტრის მიერ ასეთი იარაღის გამოყენებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში“, - განაცხადა პუტინმა.