ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით, ოთხშაბათს რუსეთის უზენაესმა სასამართლომ აკრძალა ე.წ. „საერთაშორისო სატანისტური მოძრაობა“, რომელიც არ არსებობს.

“მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ჯგუფის საქმიანობა მიზნად ისახავდა რუსეთის კონსტიტუციური წესრიგის ძირის გამოთხრას, ძალადობის ხელშეწყობას და რელიგიური სიძულვილის გაღვივებას”,  – იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS.

ეს ნაბიჯი მოჰყვა აპრილში სახელმწიფო დუმის ქვედა პალატაში გამართულ შეხვედრას, რომელიც ეძღვნებოდა „სატანიზმს“.

ამ დისკუსიაზე დამსწრე კანონმდებლებმა სატანიზმი შეაფასეს, როგორც „ბოროტების გამართლებაზე დაფუძნებული იდეოლოგია“ და დაადანაშაულეს ის რუსეთის “ტრადიციული რელიგიების განადგურების მცდელობაში”. მათ ეს ‘იდეოლოგია” დაუკავშირეს დასავლეთს, შეადარეს ნაციზმს და ლგბტქ+ იდენტობებს.

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ ჯგუფის აკრძალვის შესახებ მოთხოვნა ამ თვის დასაწყისში წარადგინა. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურმა, პატრიარქმა კირილემ კი საჯაროდ დაუჭირა მხარი.

საინტერესოა ის, რომ „საერთაშორისო სატანისტური მოძრაობა“, როგორც ჩანს, არ არსებობს. სულ მცირე, ამ სახელწოდებით.

ლატვიაში დაფუძნებული დამოუკიდებელი რუსულენოვანი საინფორმაციო გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ უზენაესმა სასამართლომ ადრე ასევე აკრძალა სხვა არარსებული მოძრაობები, მაგალითად „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ და შემდეგ ეს აკრძალვა გამოიყენა ლგბტქ+ პირების დევნისა და მხატვრული ნამუშევრების ცენზურისთვის.

euronewsgeorgia.com