რუსეთის ხელისუფლება გააფართოებს ავიაბილეთების ჯავშნებთან დაკავშირებული მონაცემების ჩამონათვალს, რომელიც ავიაკომპანიებმა  სახელმწიფოს უნდა გადასცენ. ამის შესახებ რუსული მედია საავიაციო ბაზრის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ამჟამად ავიაკომპანიები სახელმწიფოს ძირითადად მგზავრების პერსონალურ მონაცემებს გადასცემენ, რომელიც მოიცავს სრულ სახელს, დაბადების თარიღს, სქესს, მოქალაქეობას, პასპორტის ნომერს, ტელეფონის ნომერს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, ასევე გამგზავრების წერტილებს, დანიშნულების ადგილსა და მოგზაურობის თარიღს.

მთელი ეს ინფორმაცია იგზავნება მგზავრების შესახებ პერსონალური მონაცემების ავტომატიზებულ ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში, რომელიც ტრანსპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

წყაროების ცნობით, ამ ინფორმაციას დაემატება მონაცემები ბილეთის საფასურის გადახდის მეთოდის შესახებ, მათ შორის ბანკის სახელწოდება, ანგარიშის ნომრის ან ბარათის ბოლო ოთხი ციფრი, რომელიც გამოიყენება გადახდისას, ასევე მგზავრის ანგარიშის ინფორმაცია. ავიაკომპანიის ვებგვერდზე და კომპიუტერის IP მისამართი, საიდანაც განხორციელდა გადახდა და ბილეთების დაჯავშნა.

გარდა ამისა, მონაცემთა ბაზა დაიწყებს ინფორმაციის შეგროვებას იმის შესახებ, თუ როდის დაჯავშნა მგზავრმა ბილეთი, ვისთან გააკეთა ეს, შეიტანა თუ არა ცვლილებები ჯავშანში, ჰქონდა თუ არა ბარგი, რა ადგილი აირჩია ბორტზე და რა საჭმელს ანიჭებდა უპირატესობას.