რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის კარგი შანსი არსებობს, თუმცა უკრაინაში კორუფცია საქმეს არ აადვილებს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

Air Force One-ის ბორტზე ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ომის დასრულების შეთანხმების „კარგი შანსი“ არსებობს.

„მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ისინი კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვინდა, რომ ადამიანების მკვლელობა შევაჩეროთ“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უკრაინელ ოფიციალურ პირებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ესაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფს.

„მე ვესაუბრე მათ და ისინი კარგად მუშაობენ. უკრაინას რთული პრობლემები აქვს, მაგრამ ვფიქრობ, რუსეთს სურს, რომ ეს დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობდა რთულ პრობლემებში, ტრამპმა უპასუხა, რომ კორუფციასთან დაკავშირებულ სიტუაციას გულისხმობდა, რაც მისი თქმით, „საქმეს არ აადვილებს“.

„ვფიქრობ, არსებობს კარგი შანსი, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ“, – აღნიშნა ტრამპმა.

1tv.ge