როგორ მიაღწია დონალდ ტრამპმა ღაზის შეთანხმებას? - ეს იყო კლასიკური თეატრალური აპოგეის მომენტი მამაკაცისთვის, რომელსაც უყვარს საჯაროდ იმით ტრაბახი, რომ „მთავარი მშვიდობისმყოფელია“. დონალდ ტრამპის მთავარმა დიპლომატმა თეთრ სახლში სატელევიზიო შეხვედრა შეაწყვეტინა, რათა აშშ-ის პრეზიდენტისთვის ბარათი გადაეცა და ყურში ჩუმად ეთქვა, რომ ღაზის შეთანხმებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. ამ სცენიდან ცოტა ხნის შემდეგ, ტრამპმა შეთანხმების შესახებ თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა. „ნეტარ არიან მშვიდობისმყოფელნი!“ – დაპოსტა მან. ვიდრე რეპორტიორების, მათ შორის სააგენტო „ფრანს პრესის“ ჟურნალისტების თვალწინ კულმინაციის სცენა გათამაშდებოდა, კულისებს მიღმა ტრამპი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ უხალისოდ დამყოლ ბენიამინ ნეთანიაჰუზე ზეწოლა მოეხდინა და არაბების მხარდაჭერა მოეპოვებინა.

ზეწოლა ნეთანიაჰუზე

ნობელის მშვიდობის პრემიის მაძიებელი და საკუთარი მემკვიდრეობის განმტკიცების მოსურნე ტრამპი იყენებს მიდგომას, განსხვავებულს იმ „ცარიელი ჩეკისგან“, რომელსაც ის, ზოგიერთის აზრით, ადრე თავის მთავარ მოკავშირე ისრაელს სთავაზობდა. როდესაც ტრამპმა 29 სექტემბერს თეთრ სახლში ნეთანიაჰუს უმასპინძლა თავისი 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის წარსადგენად, შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრს სრულად უჭერდა მხარს. ტრამპმა განაცხადა, რომ თუ „ჰამასი“ მის გეგმას არ დათანხმდებოდა, ისრაელს ექნებოდა მისი „სრული მხარდაჭერა, საქმე ბოლომდე მიეყვანა“ და პალესტინური მებრძოლების დაჯგუფება გაენადგურებინა. თუმცა, პირად საუბრებში, ტრამპი ნეთანიაჰუზე ძლიერ ზეწოლას ახდენდა.

გეგმა, რომელიც ტრამპმა ნეთანიაჰუსა და ისრაელის ოფიციალურ პირებს წარუდგინა, ჯერ კიდევ წინა კვირას იყო შედგენილი გაერო-ში არაბ და მუსლიმ ლიდერებთან ვრცელი კონსულტაციების შემდეგ. როდესაც ნეთანიაჰუ მას გაეცნო, აღმოაჩინა, რომ მასში იყო საკვანძო პუნქტები, მათ შორის, პალესტინის სახელმწიფოს შექმნის საკითხი, რომლებზეც ისრაელის ლიდერი იფიცებოდა, რომ არასდროს დათანხმდებოდა.

არაბთა ერთიანობა კატარზე თავდასხმის გამო

აშშ-ის მოკავშირე კატარის ტერიტორიაზე „ჰამასის“ წევრებზე თავდასხმა ისრაელის მიერ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც მოლაპარაკებები რთულ სტადიაში იყო. ამის გამო ტრამპი განრისხებული იყო, რასაც პირად საუბრებშიც გამოხატავდა. თუმცა, ამ თავდასხმის შედეგად არაბებს შორის მიღწეული ერთიანობა აშშ-ის პრეზიდენტმა იმისთვის გამოიყენა, რომ ისინი თავის გეგმაზე დაეთანხმებინა. ამის შემდეგ, მან მძიმე მდგომარეობაში ჩაყენებული ნეთანიაჰუ აიძულა, ოვალური კაბინეტიდან კატარის ლიდერისთვის დაერეკა და ბოდიში მოეხადა. ტრამპს ხელში ნეთანიაჰუს ტელეფონიც კი ეჭირა, სანამ ისრაელის ლიდერი ბოდიშის ტექსტს ფურცლიდან კითხულობდა, რასაც თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ფოტოც ადასტურებს. გამოცემა „პოლიტიკოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატელეფონო ზარის დროს ოთახში კატარის მაღალჩინოსანიც იმყოფებოდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ნეთანიაჰუ ტექსტს არ გადაუხვევდა. მოგვიანებით, ტრამპმა ხელი მოაწერა საგანგებო ბრძანებას, რომელიც კატარს აშშ-ის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიებს ანიჭებდა. ეს ეპიზოდი კარგად ასახავს იმ მჭიდრო კავშირებს, რომლებიც ტრამპმა არაბულ სახელმწიფოებთან ორივე საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში დაამყარა.

მისი პირველი ვადის დროს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ბაჰრეინმა და მაროკომ ხელი მოაწერეს აბრაამის შეთანხმებებს ისრაელის აღიარების შესახებ. სწორედ მაშინ შედგა ტრამპის პირველი დიდი საგარეო ვიზიტი სპარსეთის ყურის ქვეყნებში - კატარში, ეგვიპტესა და აბუ-დაბიში, ისრაელში გაჩერების გარეშე.

„ჰამასის“ შეთავაზების გამოყენება

ტრამპმა ზეწოლა გააძლიერა და „ჰამასს“ 5 ოქტომბრამდე მისცა ვადა, შეთანხმებას დათანხმებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი „ნამდვილი ჯოჯოხეთით“ დაემუქრა. „ჰამასმა“ აშშ-ის ლიდერს ეშმაკურად უპასუხა და თავისი ტაქტიკა ააგო ტრამპის კარგად დოკუმენტირებულ პირობაზე, რომელიც ღაზაში დაკავებული ყველა მძევლის გათავისუფლებას ითვალისწინებდა. ტრამპი არაერთხელ შეხვდა მძევლების ახლობლებს თეთრ სახლში. „ჰამასის“ აქცენტი მან სათავისოდ გამოიყენა: გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა და აშშ-ის პრეზიდენტისთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა - გააზიარა „ჰამასის“ განცხადება, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

არაფერი თქმულა იმ ფაქტზე, რომ „ჰამასი“ სრულად არ დათანხმებია მისი გეგმის სხვა პუნქტების უმეტესობას. მაგრამ დეტალებზე კამათის ნაცვლად, ტრამპმა აიძულა ისრაელი, „ჰამასი“ და მათი შუამავლები, სწრაფად დაესრულებინათ შეთანხმება. ტრამპმა საინფორმაციო გამოშვება Axios-ს განუცხადა, რომ მან ნეთანიაჰუს უთხრა: „ბიბი, ეს შენი გამარჯვების შანსია“ - ნეთანიაჰუც დათანხმდა. ის ამას უნდა დათანხმებოდა. როცა ჩემთან ხარ, უნდა დათანხმდე, რადგან სხვა არჩევანი არ გაქვს“.

წყარო: 1 არხი