ცილების მიღება უმთავრესი რჩევაა ფიტნესში. თუ გსურთ, მოიმატოთ კუნთები, გაიუმჯობესოთ ფორმა და აკონტროლოთ წონა, ზოგადი რჩევა ყველასგან — ფიტნეს ინფლუენსერებით დაწყებული, ექიმებით დამთავრებული, არის ის, რომ საჭიროა მეტი ცილა.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცილები მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუნთოვანი მასის შენარჩუნებასა და ზოგად ჯანმრთელობაში, მედიასა და ფიტნეს-წრეებში ასეთმა გაზრდილმა ყურადღებამ ცილების მნიშვნელობის შესახებ, ააზვირთა ისეთი პროდუქტების რაოდენობა, რომლებიც კონკრეტულად ცილების შემცველობის გამო იყიდება.
ზოგიერთი შოკოლადის ფილა, ნაყინი, პიცა, ყავა და ალკოჰოლიც კი, ახლა ბაზარზე პოზიციონირებს, როგორც ცილოვანი საკვები.
თუმცა, ჩვენი ენთუზიაზმი ცილებისადმი შეიძლება ძალიან შორს წავიდა. მიუხედავად იმისა, რომ ცილები ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, უმეტეს ჩვენგანს სულაც არ სჭირდება კვების რეგულარულ რაციონში ცილების ასე მაღალი შემცველობის საკვების შეტანა.
არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ მარკეტინგმა შეიძლება გამოიწვიოს „ჰალოს ეფექტი“ — როდესაც მომხმარებლები შეცდომით აიგივებენ ცილის მაღალ შემცველობას საერთო კვებით ღირებულებასთან. ამ ეფექტმა შეიძლება გამოიწვიოს ისეთი აღქმა, რომ ცილებით მდიდარი საკვები არსებითად ნოყიერია, მიუხედავად იმისა, რომ მრავალი მათგანი შეიძლება სულაც არ იყოს.
ცილა უმნიშვნელოვანესია კუნთოვანი მასისა და იმუნური ფუნქციის შესანარჩუნებლად.
კვების სახელმძღვანელოები ხალხს ურჩევს, მიიღონ დაახლოებით 0,75 გრამი ცილა სხეულის ყოველ კილოგრამზე. თუმცა, როგორც ზოგიერთი მტკიცებულება მიუთითებს, ეს რეკომენდაცია შეიძლება არასწორი იყოს და ამის ნაცვლად, საჭირო იყოს დღიურად დაახლოებით 1,2 – 1,6 გრამი ცილა სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.
ასევე არსებობს ძლიერი მტკიცებულება, რომლის თანახმადაც, საჭირო ცილების რაოდენობა ცვალებადია და დამოკიდებულია ჩვენს ჯანმრთელობაზე. მაგალითად, ადამიანებს მეტი ცილის ჭამა სჭირდებათ, როდესაც დაავადებისგან გამოჯანმრთელების პროცესში არიან. კვლევები ასევე აჩვენებს, რომ იმისათვის, რათა ასაკთან დაკავშირებულ კუნთოვანი მასის დაკარგვას ებრძოლონ, ხანდაზმულებმა დღეში უნდა მიიღონ სულ მცირე 1,2 გრამი ცილა სხეულის წონის ყოველ კილოგრამზე.
ვარჯიშის შედეგიანობისთვის დიდი ოდენობით ცილა სჭირდებათ სპორტსმენებს. ამას გარდა, წონაში კლების პრეპარატების პოპულარობის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტად უსვამენ ხაზს ცილების მიღების აუცილებლობას, რათა წონის კლებისას მინიმუმამდე შემცირდეს კუნთოვანი მასის დაკარგვა.