"პუტინს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამოქალაქო რაიონებზე, ქალაქებსა და სოფლებზე რაკეტების სროლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა," - ამის შესახებ აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, სოცქსელში წერს.
ტრამპი ახსენებს საბანკო და მეორად სანქციებსაც.
"ეს მაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, მას ომის შეწყვეტა საერთოდ არ სურს, უბრალოდ ჩემთან დროის გაყვანას ცდილობს და საჭიროა მასთან სხვა გზით მოპყრობა - "საბანკო გზებით" ან "მეორადი სანქციებით"? ზედმეტად ბევრი ადამიანი იღუპება!!!" - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელTruth Social-ზე.
შეგახსენებთ, ამ კვირის დასაწყისში ტრამპმა პუტინი გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის დედაქალაქ კიევზე სასიკვდილო დარტყმები განახორციელა. შემდეგ მან პარასკევს ზელენსკის მიმართ იმედგაცრუება გამოთქვა და თქვა, რომ მან აშშ-სთან სასარგებლო წიაღისეულის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა დააგვიანა, მოსალოდნელი შეთანხმების ხელმოწერის გაუქმებიდან თითქმის ორი თვის შემდეგ.
ტრამპის ადმინისტრაცია უკრაინაში ომში მუდმივი ზავისკენ ისწრაფვის, მაგრამ ბოლო დღეებში მაღალჩინოსნებმა მიანიშნეს, რომ მზად არიან მოლაპარაკებებიდან გასვლაზე, თუ ორივე მხარე მალე ვერ მიაღწევს შეთანხმებას.
გრძელ პოსტში ტრამპმა კონფლიქტს ყოფილი პრეზიდენტის, ბაიდენის ომი უწოდა და გააძლიერა არგუმენტი, რომელსაც ხშირად იყენებდა საარჩევნო კამპანიის დროს - რომ ომი არ დაიწყებოდა, თუ ის 2020 წელს „მძინარე“ ბაიდენს დაამარცხებდა.
„ეს პირველივე დღიდან იყო წაგებული და არასდროს უნდა მომხდარიყო და არც მოხდებოდა, იმ დროს პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი“, - დაწერა მან. „მე უბრალოდ ვცდილობ გავასუფთავო არეულობა, რომელიც ობამამ და ბაიდენმა დამიტოვეს და რა არეულობაა ეს“.
ჟურნალ „Time“-თან ცოტა ხნის წინ მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა უკრაინა დაადანაშაულა რუსეთთან ომის დაწყებაში ნატოში გაწევრიანების მცდელობით. მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი მშვიდობისკენ დათმობაზე წავა, თუ ის დათანხმდება უკრაინის ანექსიაზე უარს.