გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, გერმანელი ფილოსოფოსის, იმანუელ კანტის დაბადებიდან 300 წლის იუბილეზე გამოსვლისას, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს კანტის ციტირება „აუკრძალა“.

ამის შესახებ გერმანული „დოიჩე ველე“ იუწყება.

ცერემონია ბერლინ-ბრანდენბურგის მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა. ეს სამეცნიერო დაწესებულება პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის მემკვიდრეა, რომელმაც ცნობილი ფილოსოფოსი თავის წევრად 1786 წელს მიიღო. შოლცმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე: „მოსაზრებები გერმანელი ფილოსოფოსის, კანტის ტრაქტატზე „მარადიული მშვიდობის შესახებ“ („Zum ewigen Frieden“).

გერმანიის კანცლერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პუტინი კანტს თავის ერთ-ერთ საყვარელ ფილოსოფოსად მიიჩნევს. შოლცმა რუსეთის პრეზიდენტი ფარისევლობისა და გერმანელი ფილოსოფოსის ნაწარმოებების არასწორი ინტერპრეტირებისთვის გააკრიტიკა. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინს არ აქვს უფლება, კანტის ნაშრომები თავისი პოლიტიკის გასამართლებლად მოიშველიოს.

კანცლერის თქმით, თავის ნაშრომში „მუდმივი მშვიდობის შესახებ“ ფილოსოფოსი წერს: „მას, ვისაც თავს დაესხნენ, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება“, კანტი ასევე აღნიშნავს, რომ „ჭეშმარიტი მშვიდობა ყოველთვის სცილდება ცეცხლის უბრალო შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დროებით შეჩერებას“.

კანტი ამტკიცებდა, რომ არცერთ ქვეყანას არ აქვს უფლება, ძალით ჩაერიოს სხვა ქვეყნის საქმეებში. ამ კონტექსტში, შოლცი ყურადღებას ამახვილებს იმ ნგრევაზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის დროს გამოიწვია. ეს, მისი თქმით, წარმოუდგენელი მასშტაბის განადგურების სურვილზე მიანიშნებს.

პუტინის მიერ კანტის ნაშრომების ციტირებას და მასზე დაყრდნობას, შოლცმა „აბსურდული“ უწოდა და რუსეთის პრეზიდენტის ორი განცხადება გაიხსენა. 2005 წელს მან კალინინგრადის უნივერსიტეტში კანტის მემორიალური დაფა გახსნა და თქვა, რომ გერმანელი ფილოსოფოსი ნებისმიერი საერთაშორისო დავის ომის გზით გადაწყვეტის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, რის გამოც რუსეთი, პუტინის სიტყვების მიხედვით, „ცდილობს, დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის ეს დოქტრინა დაიცვას“. 2024 წელს პუტინი კალინინგრადში სტუდენტებს შეხვდა, რომლის დროსაც რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანტი გამოდიოდა მოწოდებით, გამოეჩინათ გამბედაობა და „საკუთარი ინტერესებით ეხელმძღვანელათ და წარმატებისთვის ამ გზით მიეღწიათ, რაც პარტნიორების ინტერესების პატივისცემასაც გულისხმობს“ და როგორც ხაზგასმით თქვა, რუსეთი სწორედ ამას აკეთებს.

იმანუელ კანტი 1724 წლის 22 აპრილს, კენიგსბერგში დაიბადა, რომელიც მას მთელი ცხოვრების მანძილზე არ დაუტოვებია. იგი მრავალი ნაშრომის, მათ შორის, „წმინდა გონების კრიტიკის“ ავტორია.

კანტი არის „კატეგორიული იმპერატივის“ კონცეფციის ფუძემდებელი, რომელიც მორალურ ჭეშმარიტებად აღიარებს იმას, რომ ადამიანებს ისე უნდა მოექცე, როგორც გსურს, რომ შენ გექცეოდნენ. ეს არის მისი ფილოსოფიის ძირითადი პრინციპი, რომელიც მრავალ ნაშრომში, მათ შორის შოლცის მიერ ციტირებულ ტრაქტატშიც („მარადიული მშვიდობის შესახებ“) გამოიყენა. კანტმა დიდი გავლენა მოახდინა მის თანამედროვე, აგრეთვე ნეოკანტური მიმდინარეობის ფილოსოფოსებზე, რომლებმაც გერმანელი მოაზროვნის იდეების ხელახალი ინტერპრეტირება (მე-19 და მე-20 საუკუნეების გამოწვევების კონტექსტში) მოახდინეს.

საბჭოთა კავშირისა და რუსეთის მიერ კენიგსბერგის ოკუპაციის შედეგად, სახლი, რომელშიც იმანუელ კანტი ცხოვრობდა, ნანგრევებად იქცა. 2014 წლის მონაცემებით, როგორც „ისტორიული სიმართლე“ („Istorychna Pravda“) წერდა, სახლი „სიკვდილის მდგომარეობაში“ იმყოფებოდა. 2018 წელს ის აღადგინეს და ვიზიტორებისთვის, მუზეუმის სახით გაიხსნა.

პუტინი და იმანუელ კანტი

2013 წელს, როდესაც კანტის სახლი ჯერ კიდევ ნანგრევებს წარმოადგენდა, კალინინგრადის იმანუელ კანტის ბალტიის ფედერალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ გერმანელი ფილოსოფოსი „კალინინგრადის ოლქის სიმბოლო“ უნდა გახდეს.

ივან ილინი მეოცე საუკუნის ფილოსოფოსი და რუსული იმპერიალიზმის იდეოლოგია. სტუდენტობის წლებში, ილინს „რუს გერმანელს“ ეძახდნენ როგორც წარმომავლობის (ნახევრად გერმანელი იყო), ისე გერმანელი კლასიკური ფილოსოფოსების, მათ შორის კანტის ნაწარმოებებით გატაცების გამო. ამიტომ, კანტი, - ილინის საყვარელი ფილოსოფოსი, - რომელსაც პუტინი ყველაზე ხშირად ციტირებს, რუსეთის პრეზიდენტის საყვარელ ფილოსოფოსადაც იქცა.