პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პრეზიდენტობის ოპოზიციური კანდიდატის, კაროლ ნავროცკის გადაწყვეტილება გააკრიტიკა, რომელმაც პირობა დადო, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას არ დაუშვას.
დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ „ეს არის ამ კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი სკანდალი“. მისივე თქმით, ეს არის „სახელმწიფო ღალატი“.
დონალდ ტუსკის აზრით, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება ფუნდამენტური მნიშვნელობისაა პოლონეთის უსაფრთხოების თვალსაზრისით და „უკანასკნელი, რაც პოლონეთმა უნდა გააკეთოს, პუტინის მოთხოვნების შესრულება ან მხარდაჭერაა“.
„პოლონეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც მხოლოდ იმისთვის, რომ ბატონ მენცენს მოეწონოს, ამბობს, რომ პოლონეთი არასოდეს დათანხმდება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ამისთვის სახელმწიფო ღალატზე უკეთესი ტერმინი ვერ მოიძებნება“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
რვაპუნქტიანი დეკლარაციის ხელმოწერა კაროლ ნავროცკისა და სლავომირ მენცენს შორის პირდაპირ ეთერში მოხდა. კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ხელს არ მოაწერს კანონს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიკაციის შესახებ. მისივე განცხადებით, ამ თემაზე დისკუსიას აზრი არ აქვს.
პოლონეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 18 მაისს გაიმართა. ხმათა 50 პროცენტის მიღება ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, რაც ნიშნავს, რომ არჩევნების მეორე ტური გაიმართება. არჩევნების მეორე ტური პირველ ივნისს ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი, რომელმაც ხმების 31,36% მოიპოვა, და კაროლ ნავროცკი, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, რომელმაც პირველ ტურში ხმების 29,54% მიიღო.