გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით, არაერთი პრევენციული ღონისძიება გაატარეს – ინფორმაციას დეპარტამენტი ავრცელებს.
„პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია ჯამში დაახლოებით 3000 მეტრი სიგრძის სახლართი ტიპის ბადე, საბურავებისგან დამზადებული 10 ერთეული თევზმახე, ე.წ. ოჩხი, 9 ერთეული ე.წ. გოდორი და 4 ერთეული ხოლიხი ტიპის ბადე.
პრევენციული ღონისძიებები გატარდა დედაქალაქში - თბილისის ზღვაზე და რეგიონებში: დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავზე და ბაზალეთის ტბაზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე მტკვარზე; ფოთში ზღვის სანაპიროზე, ხობისა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე - რიონზე, ხობისწყალზე, ცივსა და ენგურზე; დაბა ქობულეთში, დაბა ურეკში, ხელვაჩაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მდინარეებზე - კინტრიშზე, ჭოროხსა და სუფსაზე; ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში მდინარე მტკვარზე და დაბა სურამის მიმდებარე ტბაზე.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის უკანონო თევზჭერის ფაქტების გამოვლენა, აღკვეთა და პრევენცია პრიორიტეტია. ამ მიმართულებით ინტენსიურად იგეგმება პრევენციული ღონისძიებები განსაკუთრებით ისეთ ლოკაციებზე, სადაც ბოლო წლებში ბრაკონიერობის ფაქტები შედარებით ხშირია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ტყითსარგებლობისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.