საბაჟო გადასახადების შემცირების შესახებ გასულ თვეში პეკინსა და ვაშინგტონს შორის მიღწეული შეთანხმების დარღვევის შესახებ შეერთებული შტატების ბრალდებებს ჩინეთი კატეგორიულად უარყოფს. მეტიც: პეკინი თავად ადანაშაულებს ვაშინგტონს სავაჭრო ზავის „სერიოზულ“ დარღვევაში, რამაც „ეკონომიკური და სავაჭრო დაძაბულობა“ გამოიწვია. ჩინეთი აცხადებს, რომ საკუთარი ინტერესების დასაცავად გადამწყვეტ ზომებს მიიღებს.
გასულ კვირას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა „მთლიანად დაარღვია“ ორ ქვეყანას შორის ჟენევაში მიღწეული შეთანხმება. თუმცა, ეს ბრალდება პეკინმა უარყო და მას „უსაფუძვლო“ უწოდა.
„მოულოდნელი არ არის, რომ ჩინეთმა მთლიანად დაარღვია ჩვენთან გაფორმებული შეთანხმება“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ქმედებები განახორციელა პეკინმა.
მას შემდეგ, რაც ამერიკულ პროდუქტებზე ტარიფები 125%-მდე, ხოლო ჩინურ პროდუქტებზე 145%-მდე გაიზარდა, მაისში შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გადასახადების ესკალაციის დროებით შეჩერებაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
ჟენევაში გამართული ორდღიანი შეხვედრების შემდეგ, ვაშინგტონი და პეკინი შეთანხმდნენ, რომ ტარიფებს 90 დღით, შესაბამისად, 30 და 10 პროცენტამდე შეამცირებენ და პირობა დადეს, რომ გააგრძელებენ მოლაპარაკებებს საბოლოო სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად.
მაშინ დონალდ ტრამპმა ზავს აშშ-ჩინეთის ურთიერთობების „სრული გადატვირთვა“ უწოდა. მაგრამ მას შემდეგ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობა კვლავ გაიზარდა: აშშ-მ ჩინეთი იმ დაპირებების შეუსრულებლობაში დაადანაშაულა, რომლის თანახმადაც, კრიტიკული მინერალების აშშ-ში ექსპორტზე შეზღუდვები უნდა გაუქმებულიყო.
აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა, ჰოვარდ ლუტნიკმა პეკინი „შეთანხმების შესრულების შეფერხებაში“ კვირას, 1 ივნისს, ტელეარხ „ფოქს ნიუსში“ გამოსვლის დროს დაადანაშაულა. ტრამპის მთავრობის წევრმა ხელი ჩინეთისკენ გაიშვირა და აღნიშნა, რომ პეკინი ორი კვირის წინ ჟენევაში ორ ქვეყანას შორის დადებული შეთანხმების პირობებს არ ასრულებს.
საპასუხოდ, ჩინეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ვაშინგტონმა „დაუსაბუთებელი ბრალდებები წამოაყენა და ჩინეთი კონსენსუსის დარღვევაში უსაფუძვლოდ დაადანაშაულა, რაც რეალურ ფაქტებს მთლიანად ეწინააღმდეგება“.
„პეკინი ამ უსაფუძვლო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს“, - ნათქვამია ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებაში, რომელშიც ასევე ხაზგასმულია, რომ პეკინი „მტკიცედ იცავს თავის უფლებებსა და ინტერესებს და კონსენსუსისკენ გულწრფელად მიისწრაფის“.
„ვაშინგტონმა თანმიმდევრულად შემოიღო მთელი რიგი დისკრიმინაციული შემაკავებელი ზომები ჩინეთის წინააღმდეგ“, - აცხადებს ოფიციალური პეკინი და ამ კონტექსტში ახსენებს ხელოვნური ინტელექტის ჩიპების ექსპორტის კონტროლს და ჩინელი სტუდენტებისთვის შეერთებულ შტატებში ვიზების გაუქმება.
„ჩვენ მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებს, გამონახოს საერთო ენა ჩინეთთან, დაუყოვნებლივ უარყოს თავისი წინდაუხადავი საყვედურები და პატივი სცეს სავაჭრო მოლაპარაკებებზე ჟენევაში მიღწეულ კონსენსუსს“, - აღნიშნულია ამავე სამინისტროს განცხადებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩინეთი იმუქრება, რომ „მტკიცედ გააგრძელებს გადამწყვეტი ზომების მიღებას თავისი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დასაცავად“.
ბოლო კვირების განმავლობაში, პეკინსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკურ და სავაჭრო დონეზე არ გაუარესებულა. მაისის ბოლოს, პეკინმა ასევე დაგმო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადება შეერთებულ შტატებში ჩინელი სტუდენტებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ.
1tv.ge