ეს მრავალწლიანი ხელშეკრულება გულისხმობს კონტრაქტების გაფორმებას ავიაგამანადგურებელ „რაფალების“, უპილოტო საფრენი აპარატებისა და თავდაცვის აღჭურვილობის შესყიდვაზე. რუსი ექსპერტები გარიგებას აქტიურად გამოეხმაურნენ.
ორშაბათს, 17 ნოემბერს, ვლადიმირ ზელენსკიმ, ემანუელ მაკრონთან ერთად, პარიზში ხელი მოაწერა „განზრახულობათა დეკლარაციას“, რომელიც უკრაინის პრეზიდენტმა „ისტორიული“ უწოდა. ის, სამომავლოდ, ფრანგული „რაფალის“ (Rafale) ტიპის ავიაგამანადგურებლების და ახალი თაობის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვას ითვალისწინებს.
ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეს ხელშეკრულება, რომელიც „ათწლიან ჰორიზონტზეა“ გათვლილი, გულისხმობს სამომავლოდ კონტრაქტების შესაძლო გაფორმებას „უკრაინის მიერ ახალი ფრანგული თავდაცვის აღჭურვილობის შესაძენად“. მასში მოიაზრება: დაახლოებით 100 „რაფალი“ (მისივე შეიარაღებით), ახალი თაობის SAMP-T ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, რომელიც „ამჟამად დამუშავების პროცესშია“, და რადარის სისტემები. შეთანხმება ამ ეტაპზე მხოლოდ ქაღალდზე არსებობს, მაგრამ ის შეუმჩნეველი მაინც არ დარჩენილა მოსკოვში, სადაც კომენტარები უმალ გაკეთდა.
რუსეთის დედაქალაქი არასდროს უშვებს ხელიდან ისტორიული პარალელების გავლის შესაძლებლობას, განსაკუთრებით თუ ეს საფრანგეთის პრეზიდენტის გასაკრიტიკებლად გამოდგება. გამონაკლისი არც ეს ხელშეკრულება ყოფილა - უკრაინის ფერებში „რაფალების“ ხილვის პერსპექტივა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიამ „ნაპოლეონისეულ გეგმად“ შეაფასა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, განუხორციელებელ პროექტად მიიჩნია.
„ვინ გადაიხდის?“
სამხედრო ექსპერტები, რომლებიც რუსეთში ძალიან პოპულარულები არიან, ორშაბათს საღამოს ამ სიახლეს აქტიურად განიხილავდნენ. „უკრაინისთვის „რაფალების“ მიწოდება სიგიჟეა“, - აღნიშნა ერთ-ერთმა მათგანმა, ხოლო მეორემ განმარტა, რომ უახლოეს წლებში მათ უკრაინის ცაში ვერავინ იხილავს. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს ეს გეოპოლიტიკური სიგნალია, რადგან უკრაინა, რომელიც თავდაპირველად რუსული თვითმფრინავებით იყო შეიარაღებული, სულ უფრო ხშირად უსწორებს თვალს სრუსეთის დაუძინებელ მტერს - ნატოს. „რაფალების“ ფულს ვინ გადაიხდის?“, - კითხულობენ სხვები. „რა თქმა უნდა, ევროპა“, - პასუხობენ საქმეში ჩახედულები.
რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი მისთვის ჩვეულ შეურაცხმყოფელ სტილს არ ღალატობს - მან ემანუელ მაკრონს „კრეტინი“, ხოლო ვლადიმირ ზელენსკის „ნარკომანი“ უწოდა. მისი ვარაუდით, ყოველივე ამის უკან შესაძლოა კორუფციული გარიგება იყოს - მედვედევიც, სხვების მსგავსად, შეეცადა სკანდალის გამოყენებას, რომელიც ამჟამად უკრაინის ხელისუფლებას აზანზარებს.
წყარო:1 არხი