პალესტინის პრეზიდენტი და საერთაშორისო მაღალჩინოსნები ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შესახებ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტმა, ბორგე ბრენდემ განაცხადა.

როგორც Reuters-ი იუწყება, შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, ასევე რეგიონული ლიდერები, მათ შორის, კატარის პრემიერ-მინისტრი, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ომანის ტახტის მემკვიდრე პრინცი და ბაჰრენის ხელისუფლების მაღალჩინოსნები.

„ერ-რიადში გვყავს საკვანძო მოთამაშეები და ვიმედოვნებთ, რომ  დისკუსიებმა შესაძლოა, შერიგებისა და მშვიდობის პროცესამდე მიგვიყვანოს,“ – განაცხადა ბრენდემ, ერ-რიადში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრაში მონაწილეებს ისრაელში, 26 აპრილს ეგვიპტელი მომლაპარაკებელების მიერ გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის.