„ორეშნიკის“ პირველი სერიული კომპლექსი დამზადდა და რუსეთის ჯარებს გადაეცა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შეხვედრის დროს ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა „ორეშნიკის“ ბელარუსში განლაგების გეგმებზე ისაუბრეს.
როგორც ლუკაშენკომ აღნიშნა, სამხედროებს რესპუბლიკაში კომპლექსის წელს განთავსება სურდათ.
ამასთან, ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთიდან და ბელარუსიდან სამხედრო სპეციალისტებმა შეარჩიეს პოზიციები „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემის განსათავსებლად და ამჟამად ამ ადგილების მოსამზადებლად სამუშაოები მიმდინარეობს.
„ასე რომ, დიდი ალბათობით, ამ საკითხს წლის ბოლომდე დავხურავთ. ჩვენთვის ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
რუსეთის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ „ორეშნიკის“ რაკეტების მასირებული გამოყენების შემთხვევაში მათი სიმძლავრე ერთი დარტყმით განხორციელებულ ბირთვულ იარაღს შეედრება. ამავდროულად, რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კომპლექსი არ წარმოადგენს მასობრივი განადგურების იარაღს, რადგან ის ძალიან ზუსტია და ბირთვულ მუხტს არ ატარებს.
გასული წლის 21 ნოემბერს ვლადიმერ პუტინმა უახლესი საშუალო რადიუსის რაკეტის, „ორეშნიკის“ წარმატებული გამოცდის შესახებ განაცხადა. ამერიკული და ბრიტანული იარაღის გამოყენების საპასუხოდ, რუსეთმა უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ობიექტზე თავდასხმა განახორციელა.