ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ ომი დასრულებულად არ ჩაითვლება, ვიდრე ქვეყნიდან გამდიდრებული ურანის მარაგს არ გაიტანენ.

მისივე თქმით, ირანში ჯერ კიდევ არსებობს გამდიდრების ობიექტები, რომლებიც უნდა დაიშალოს.

„ჩვენ მისი დიდი ნაწილი დავასუსტეთ. მაგრამ ეს ყველაფერი ჯერ კიდევ არსებობს და სამუშაო ჯერ კიდევ გასაკეთებელია“, – აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „სიბიეს ნიუსთან“ ინტერვიუში ირანის ბირთვულ შესაძლებლობებზე, ასევე მის მოკავშირე ძალებსა და რაკეტების წარმოების შესაძლებლობებზე საუბრისას.

გამდიდრებული ურანის ქვეყნიდან შესაძლო გატანის გეგმებზე საუბრისას კი ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „შედიხარ და გამოგაქვს“. ამასთან, მისივე თქმით, თუ შეთანხმება მიიღწევა, ეს გამდიდრებული ურანის ამოღების „საუკეთესო გზა“ იქნება.

ნეთანიაჰუმ უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ირანთან ბირთვული მასალების შესახებ შეთანხმება ვერ შედგება.

„ვადის დასახელებას არ ვაპირებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მისიაა“ – აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.

როგორც მედია წერს, გავრცელებული ცნობით, ირანს 400 კილოგრამზე მეტი გამდიდრებული ურანი აქვს.

1tv.ge