ნატო ამცირებს მაღალი დონის შეხვედრების რაოდენობას და, მომავალ წელს ალბანეთში დაგეგმილ ლიდერთა სამიტს აღარ გამართავს, - ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკავშირდება ალიანსში არსებულ დაძაბულობას, რომელიც თავდაცვით ხარჯებს, ირანსა და უკრაინის ომს ეხება.

ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა, ედი რამამ ხუთშაბათს განაცხადა, რომ „ჯერჯერობით არ არსებობს შეთანხმებული პოზიცია იმის თაობაზე, თუ როდის გაიმართება სამიტი; თუმცა, ის ნამდვილად არ ჩატარდება 2027 წელს“. მისი თქმით, „თუ 2028 წელს სამიტი შედგება, ის ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაიმართება“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ The Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ალიანსი სამიტებს მაშინ ატარებს, როცა საჭიროა.

“ნატო-ს სამიტების დაგეგმვისას მოქნილები ვართ. სამიტებს მაშინ ვატარებთ, როცა ეს საჭიროა“, -განაცხადა რუტემ და დასძინა, რომ მომდევნო შეხვედრა საჭიროებისთანავე გაიმართება.

The Associated Press-ი წერს, რომ სამიტის მასპინძლობა თავისთავად უზარმაზარ ფინანსურ და პოლიტიკურ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ნიდერლანდებს, ჰააგაში 2025 წლის შეხვედრისთვის, მოსამზადებლად ერთი წელი და დაახლოებით 100 მილიონი დოლარი დასჭირდა.

ოფიციალური პირების განცხადებით, ნატო-ს ალბანეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოქტომბრამდე უნდა მიეღო, რათა ქვეყანას მომავალ წელს სამიტის ორგანიზებისთვის საკმარისი დრო ჰქონოდა.

ipn.ge