აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კორუფციასთან კავშირი არ აქვს და დემოკრატების მიერ მისი, ოჯახის წევრებისა და ადმინისტრაციის საქმიანობის შესაძლო გამოძიების გეგმებს გამოეხმაურა. New York Post-თან ინტერვიუში ტრამპმა აღნიშნა, რომ „ნამდვილად არ არის კორუმპირებული“ და დემოკრატების ინიციატივა გააკრიტიკა.
ტრამპის განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც დემოკრატებმა კონგრესში მოპოვებული პოზიციების გამოყენებით ადმინისტრაციის საქმიანობის ფართომასშტაბიანი შესწავლა დააანონსეს. მათი ყურადღების ცენტრშია პრეზიდენტის ოჯახის ბიზნესინტერესები, შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი და სახელმწიფო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.
18 ნოემბერს წარმომადგენელმა რობერტ გარსიამ, რომელიც წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის მომავალ თავმჯდომარედ მოიაზრება, ტრამპის ოჯახის წევრებს, ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებსა და ყოფილ თანაშემწეებს დოკუმენტაციის შენარჩუნების მოთხოვნით წერილები გაუგზავნა. მათ შორის იყვნენ პრეზიდენტის ვაჟები – დონალდ ტრამპ უმცროსი და ერიკ ტრამპი, ასევე მისი სიძე ჯარედ კუშნერი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი.
დემოკრატების გამოძიების სავარაუდო მიმართულებებს შორისაა ტრამპის ოჯახის ბიზნესსაქმიანობა, ჯეფრი ეპშტეინის საქმესთან დაკავშირებული დოკუმენტების გამოქვეყნება და საიმიგრაციო პოლიტიკა. თეთრმა სახლმა დემოკრატების გეგმებს პოლიტიკური ხასიათის ინიციატივები უწოდა. ამასთან, Reuters აღნიშნავს, რომ დოკუმენტაციის შენარჩუნების მოთხოვნა თავისთავად არ ადასტურებს უკანონო ქმედებას ან დანაშაულს.