ვერა რუბინის ობსერვატორიამ პირველი ფოტოები გამოაქვეყნა. დიდია მოლოდინი, რომ ეს ტელესკოპი რევოლუციას მოახდენს სამყაროს შესახებ ჩვენს გაგებაში.
ობსერვატორია ჩილეში მდებარეობს და აშშ-ის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა და ენერგიის დეპარტამენტმა ააგეს. ღრმა კოსმოსზე პირველი დაკვირვება ტელესკოპმა 10 საათის განმავლობაში აწარმოვა თავის უმძლავრესი კამერით, რომელიც ახლო-ულტრაიისფერ, ოპტიკურ და ახლო-ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებში იწერს. შედეგები საოცარია და მანიშნებელი იმისა, რას შეიძლება ველოდეთ მომდევნო წლებში.
„ვერა რუბინის ობსერვატორია სამყაროს შესახებ იმაზე მეტ ინფორმაციას შეაგროვებს, ვიდრე ისტორიაში ყველა ოპტიკურმა ტელესკოპმა ერთად აღებულმა შეძლო. ამ გამორჩეული სამეცნიერო ხელსაწყოთი გამოვიკვლევთ მრავალ კოსმოსურ საიდუმლოს, მათ შორის ბნელ მატერიას და ბნელ ენერგიას“, — ამბობს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი ბრაიან სტოუნი.
რუბინის პირველი მისია, სახელად Legacy Survey of Space and Time (LSST) 10-წლიანია და გულისხმობს სამხრეთის ცის კვლევას. ტელესკოპი ყოველ რამდენიმე დღეში ერთხელ დააკვირდება მთლიან ცას, მის ყოველ სექციას 800-ჯერ ჩაიწერს თავის 3200-მეგაპიქსელიანი კამერით (მსოფლიოში უდიდესი), რათა შექმნას სამყაროს უპრეცედენტო, 10-წლიანი ტაიმლეფსი.
მისიის მიზანია, გადაიღოს ყველაფერი, რაც მოძრაობს, ანათებს ან პულსირებს — მათ შორის ასტეროიდები, კომეტები, სუპერნოვები და პულსარები; მზის სისტემის ასტეროიდებიდან დაწყებული, ჩვენგან მილიარდობით სინათლის წლის მანძილზე აფეთქებული ვარსკვლავებით დამთავრებული.
ტელესკოპს პირველი მცდელობაც სწორედ ამ დიაპაზონებში ჰქონდა.ირმის ნახტომში გადაიღო სამნაწილიანი ნისლეულისა და ლაგუნას ნისლეულის უკიდურესად დეტალური გამოსახულებები; ეს გახლავთ ორი მკვრივი მოლეკულური ღრუბელი, რომლებშიც ახალი ვარსკვლავები იბადებიან. ტელესკოპმა 7,2 საათის განმავლობაში გადაიღო 678 ინდივიდუალური ფოტო, რომლებითაც შექმნეს საბოლოო, 5-გიგაპიქსელიანი მოზაიკა.
სურათის მოახლოებადი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
მეორე ფოტოზე ობსერვატორიამ გვიჩვენა საკუთარი უნარი, მოაახლოოს ცის რომელიმე ნაწილი. სურათზე ასახულია 10 მილიონი გალაქტიკა მჭიდროდ ფოკუსირებულ ხედვის არეალში ქალწულის გროვის გარშემო. მოახლოებადი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.
და ბოლოს, რუბინის ჯგუფმა წარმოადგინა მზის სისტემის ის ასტეროიდები, რომლებზე დაკვირვებაც ტელესკოპმა შეძლო. მათ შორის არის 2104 ისეთი ასტეროიდი, რომლებიც აქამდე არასოდეს გვინახავს. ეს ყველაფერი რუბინმა სულ რაღაც 10-საათიანი დაკვირვებით მოახერხა.
ერთად აღებული ყველა მიწისპირა ტელესკოპი წელიწადში ჯამში 20 000 ახალი ასტეროიდს პოულობს; რუბინმა ისინი უკვე წარმოუდგენლად დაჯაბნა.
ტელესკოპის მიერ აღმოჩენილი არცერთი ასტეროიდი დედამიწისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ეს აღმოჩენა გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მძლავრი ობსერვატორია სახიფათო ასტეროიდებისგან დედამიწის დასაცავად.