ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2025 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგი გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში ბაზრის კვლევითი ფირმა Statista-სთან თანამშრომლობით შეიქმნა და ჯამში 50 ქვეყნიდან, 300,000-ზე მეტი დასაქმებული მოიცვა. მაღალი სანდოობისა და ანონიმურობის დასაცავად, კვლევა ონლაინ, კორპორაციებისგან დამოუკიდებლად ჩატარდა.

საუკეთესო დამსაქმებლების რეიტინგის შედგენისას Forbes-მა და Statista-მ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი გამოიყენეს, მათ შორის: დასაქმებულთა ანაზღაურება, კარიერული წინსვლის შესაძლებლობები, ცხოვრებისა და სამუშაოს ბალანსი, კომპანიის რეპუტაცია. რესპონდენტებს ასევე ჰკითხეს, გაუწევდნენ თუ არა ისინი რეკომენდაციას, თავიანთ სამუშაო ადგილს ოჯახის წევრებთან და/ან მეგობრებთან. გარდა ამისა, გამოკითხულებს ყოფილი დამსაქმებლების (უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში) შეფასების შესაძლებლობაც ჰქონდათ.

კვლევის ფარგლებში, რესპონდენტების მიერ მიღებული პასუხები დაჯამდა, კომპანიები ყოველწლიურ რანჟირებულ სიაში მიღებული ქულების შესაბამისად შეიყვანეს. წარმოდგენილი დაანგარიშებით, Forbes-ის რეიტინგში საბოლოოდ მხოლოდ 900 კომპანია მოხვდა.

2025 წლის საუკეთესო დამსაქმებელთა რეიტინგის პირველ ხუთეულში წარმოდგენილთაგან ოთხი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაა, ხოლო აქედან სამი IT-პროგრამული უზრუნველყოფისა და მომსახურების სფეროს კომპანიაა. მათ შორისაა Microsoft-ი, რომელიც ზედიზედ უკვე მეორე წელია, პირველ ადგილს იკავებს, Alphabet-ი (Google) – მესამეზე და Adobe-ი – მეოთხეზე. რეიტინგში აღნიშნულია, რომ Adobe-ის მაღალ პოზიციებზე ყოფნა ძირითადად კომპანიის „ინოვაციური სულის“ დამსახურებაა, რომელიც ბევრს სამსახურში დარჩენისკენ უბიძგებს.

მიმდინარე წლის საუკეთესო დამსაქმებლებს შორის, მეორე პოზიციაზე ასევე ამერიკული ავიახაზები Delta Air Lines-ია. ანგარიშის შეფასებით, რეიტინგში Delta-ს დაწინაურება (მეექვსედან მე-2 პოზიციაზე) კომპანიაში არსებული ღია საკომუნიკაციო კავშირების დამსახურებაა, რაც დასაქმებულთა მხრიდან კარგად იქნა აღქმული. მეხუთე ადგილზე კი, ერთადერთი არაამერიკული კომპანია, გერმანული ავტომწარმოებელი BMW-ია.

მსოფლიოს საუკეთესო დამსაქმებლების 2025 წლის რეიტინგი:
კომპანია ინდუსტრია  ქვეყანა / ტერიტორია   დასაქმებულების რაოდენობა 
1 Microsoft IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება აშშ 228,000
2 Delta Air Lines ტრანსპორტირება და ლოგისტიკა აშშ 100,000
3 Alphabet IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება აშშ 183,323
4 Adobe IT პროგრამული უზრუნველყოფა & მომსახურება აშშ 20,709
5 BMW Group საავტომობილო ინდუსტრია გერმანია 159,000
6 NVIDIA ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია აშშ 29,600
7 Sony კონგლომერატი იაპონია 113,000
8 IBM ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია აშშ 300,000
9 Apple ნახევარგამტარები, ელექტრონიკა, ელექტრული ინჟინერია აშშ 164,000
10 Lego Group სამომხმარებლო საქონელი დანია 31,000

forbes.ge