ტარიფების ომიდან დონალდ ტრამპი სამართლებრივ ომზე გადადის. აშშ-ის პრეზიდენტი არ იზიარებს შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვითაც მან ტარიფების დაწესებით საკუთარ უფლებამოსილებებს გადააჭარბა. აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილება ტრამპს ხელს უშლის, რაც იმას გულისხმობს, რომ მის მიერ დაწესებული ტარიფების ნაწილი შესაძლოა გაუქმდეს. თავისი პოზიციის დასაცავად და ტარიფების დაწესების გადაწყვეტილების სისრულეში მოსაყვანად თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ფედერალურ სააპელაციო სასამართლოს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი დროებით შეაჩერა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილება და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებული ტარიფები ხელახლა აამოქმედა.
საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადააჭარბა და მის მიერ დასახელებული მიზეზით ტარიფების დაწესება არაკონსტიტუციური იყო. რას გულისხმობს სასამართლოს გადაწყვეტილება? საკითხზე ,,კომერსანტი’’ საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტს ბუბა ბაღდავაძეს ესაუბრა. მისი განმარტებით, მიღებული გადაწყვეტილება საბოლოო არ არის და სამართლებრივი დავა გრძელდება. ექსპერტი განმარტავს, რომ უმაღლესი სასამართლო ორგანოს მიერ ტარიფების შემოღების გადაწყვეტილების არაკონსტიტუციურად ცნობაც კი არ ნიშნავს იმას, რომ ტარიფები საბოლოო ჯამში არ ამოქმედდება. ამის მიზეზი კი სხვა სამართლებრივი მექანიზმებია, როლებიც აშშ-ში დღეს მოქმედებს. მიღებულ გადაწყვეტილებაში ყველაზე მთავარი ის არის, რომ აშშ-ის მიერ წარმოებული სავაჭრო ურთიერთობები სამართლებრივ ჭრილში უნდა მოექცეს.
,,ინსტიტუცია, რომელმაც გადაწყვეტილება გამოიტანა, არის შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლო. ის ფედერალურ დონეზე ფუნქციონირებს, სპეციალიზებულია ვაჭრობასთან დაკავშირებულ საკითხებზე და მისი გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა. გადაწყვეტილებას აქვს მნიშვნელოვანი ზეგავლენის ეფექტი. ამ ეტაპზე საუბარია 10%-იანი უნივერსალური ტარიფების გაუქმებაზე. გადაწყვეტილება საბოლოო არ არის. მას პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მაშინვე მოჰყვა საპასუხო რეაქცია და გადაწყვეტილება გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. ასე რომ, საბოლოო შედეგი ტარიფებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არ გვაქვს, თუმცა არსებული პრეცედენტი უკვე გვაძლევს შემდეგს - ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რომ აშშ-ში სავაჭრო პოლიტიკა მიუხედავად იმისა, რა პოლიტიკური დასაბუთება ახლავს მას თან, სავალდებულო იქნება მოექცეს სამართლებრივ ჭრილში. გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლებზე და აღნიშნავს, რომ 1977 წლის საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკურ უფლებამოსილებათა აქტი მსგავსი ტიპის სატარიფო რეჟიმების შემოღებას უშუალოდ კონგრესის კომპეტენცის მიაკუთვნებს და არა პრეზიდენტის უფლებამოსილებას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ცხადად აღნიშნავენ, რომ გარდა 1977 წლის აქტისა, არსებობს სხვა სამართლებრივი მექანიზმებიც, რომლებიც ახლაც მოქმედია და ქმნიან საფუძველს ტარიფების გამოყენებისთვის. ასეთია მაგალითად სავაჭრო ექსპანსიის აქტის 232-ე სექცია, რომლის საფუძველზეც შემოღებულია სატარიფო რეჟიმი ფოლადთან, ალუმინთან და ავტომობილებთან დაკავშირებით. მსგავსი მექანიზმები ასევე შესაძლებელია გავრცელდეს საგამონაკლისო წესის სახით ნაცვლად 1977 წლის აქტისა.’’- განმარტავს ბუბა ბაღდავაძე.
საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტს ვკითხეთ, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იმოქმედებს თუ არა სავაჭრო ურთიერთობების სტაბილურობაზე? ბუბა ბაღდავაძე მიიჩნევს, რომ ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია სამართლებრივ მექანიზმთა ერთობლიობის ეფექტიანობასთან. მისი განმარტებით, პრეზიდენტს ტარიფების ასამოქმედებლად სხვა საფუძვლებიც გააჩნია.
,,იქიდან გამომდინარე, რომ ეს ზომა შიდასახელმწიფოებრივ მექანიზმზეა მიბმული, მის ეფექტიანობასთან არის პირდაპირ კავშირში ის თუ რამდენად შეიძლება ამან გარკვეული ტიპის ცვლილებები გამოიწვიოს მათ შორის სავაჭრო პოლიტიკაში. მოცემული პრეცედენტი, თუნდაც ის უზენაესი სასამართლოს მიერაც გახდეს მხარდაჭერილი, არ არის ისეთი ზემოქმედების, რომ მოქმედების ერთადერთ სივრცეს ტოვებდეს პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის. მსგავსი მოვლენები აშშ-ისთვის პირველი არ არის. სასამართლოს მიერ ნიქსონის დროსაც აქტიურად განიხილებოდა ეკონომიკური ზომების გამოყენება საგანგებო მდგომარეობის დროს. მას შემდგომ, სასამართლო პრაქტიკა მხარს უჭერს პრეზიდენტის უფლებამოსილების ფარგლების ვიწროდ განსაზღვრას სატარიფო ზომების ცალმხრივად დაწესებისას, რაც უკვე აჩენს გარკვეულ პერსპექტივებს იმისა, რომ შესაძლებელია უფრო შერბილდეს ან პროცესში უფრო გაიწელოს მსგავსი მექანიზმების შემოღება აშშ-ის მხრიდან. მე გამიჭირდება იმის თქმა, რამდენად უზრუნველყოფს ეს სტაბილურობას ან რამდენად იქნება გარემო იდეალურად პროგნოზირებადი, თუმცა სასამართლოს გარკვეული ზემოქმედების მოხდენა შეეძლება. თუ ხარისხობრივად გავზომავთ, შეიძლება მოქმედების ეფექტი კოლოსალური არ იყოს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაშიც ვნახეთ ზემოქმედება ვალუტაზე და ასევე საფონდო ბირჟებზე. ეს იმის ინდიკატორია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას შეუძლია მცირედით მაინც შეცვალოს არსებული სიტუაცია.’’- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტს ვკითხეთ, სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დარჩენის შემთხვევაში რა გავლენა ექნება მას ქართველ ბიზნესმენებზე, რომლებსაც პროდუქცია აშშ-ში ექსპორტზე გააქვთ? ბუბა ბაღდავაძე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების საბოლოოდ დამტკიცების შემთხვევაში 10%-იანი ტარიფები ქართველ ექსპორტიორებზე აღარ გავრცელდება. ბუბა ბაღდავაძე განმარტავს, რომ აშშ-ის სატარიფო რეჟიმი ზეგავლენას მოახდენს იმ ქვეყნების სატარიფო რეჟიმებზე, რომლებსაც ერთგვარი ნაცვალგებითი ტარიფები ჰქონდათ შემოღებული. რას გულისხმობს ტერმინი ,,ნაცვალგებითი ტარიფები’’?. თემაზე საერთაშორისო სავაჭრო სამართლის ექსპერტს ,,კომერსანტი" ადრე ესაუბრა. ბუბა ბაღდავაძემ მაშინ განმარტა, რომ ,,ნაცვალგებითი ტარიფების’’ მიღმა ამერიკის მმართველი ელიტა უარყოფითი ბალანსის შემავსებელ მექანიზმს მოიაზრებს, რომლის გამოყენებითაც მათ შტატების მიმართ უსამართლო დამოკიდებულების შეცვლა სურთ. ტრამპს სჯერა, რომ საერთაშორისო ვაჭრობაში დღეს მოქმედი წესრიგი შტატების მიმართ უსამართლოა.
,,განსახილველი სატარიფო რეჟიმის გაუქმების შემთხვევაში ქართველ ექსპორტიორებს 10%-იანი ტარიფი აღარ შეეხებათ. გარდა ამისა, მინდა ავხსნა ზოგადი კონტექსტი, რათა დავინახოთ თუ რა პროცესთან გვაქვს ახლა შეხება. ამ ტიპის გადაწყვეტილებას სხვა ბაზრებზე ზემოქმედების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეფექტი ექნება. აშშ-ის სატარიფო რეჟიმი ზეგავლენას მოახდენს იმ ქვეყნების სატარიფო რეჟიმებზეც, რომლებსაც ერთგვარი ნაცვალგებითი ტარიფები ჰქონდათ შემოღებული. ის რაც ახლა მიმდინარეობს, თუნდაც სამართლებრივი დავის კონტექსტში, არის თანამედროვე საერთაშორისო ვაჭრობის პროცესს შინაარსობრივი გაგრძელება. დავის მიმდინარეობისას, პრეზიდენტის უფლებამოსილების კონტექსტში მთავრობის არგუმენტაცია იყო ის რომ, პრეზიდენტის მიერ ასეთი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა სხვა ქვეყნებთან დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ს მიმართ დაწესებულ გარკვეული ტიპის პირდაპირ ტარიფებზე ან სხვა სავაჭრო ბარიერებზე ზემოქმედების პოლიტიკას. სასამართლოს ამაზე პასუხი ჰქონდა ის, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი დიპლომატიური მეთოდი იქნება საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებში გამოყენებული, ის უნდა ექცეოდეს სამართლებრივ ფარგლებში. ასევე განიმარტა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკურ უფლებამოსილებათა აქტთან უნდა მოდიოდეს თანხვედრაში. აქედან გამომდინარე, მსგავსი პრეცედენტების კარგად გააზრება საქართველოში მნიშვნელოვანია ეკონომიკური მოლოდინების სწორად განსაზღვრისთვის. გარდა ამისა, მას შეიძლება გააჩნდეს პირდაპირი ზემოქმედების ეფექტიც, რადგან ჩვენი ქვეყნიდან ხდება ისეთი საქონლის შეტანა აშშ-ში, როგორიცაა მაგალითად სპირტიანი სასმელები და შავი ლითონის მილების, ის კომპანიები კი, რომლებიც ასაჩივრებდნენ უნივერსალურ სატარიფო ზომებს, სწორედ მსგავსი პროდუქტების იმპორტიორები იყვნენ აშშ-ში. მსგავს პროცესებს გარკვეული ეფექტი ექნება ქართული კომპანიების სავაჭრო მოქმედებებზე და ბაზრების დივერსიფიცირებაზე.’’- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
წარსულში წარმოებულმა სატარიფო ომებმა ქვეყნებს შორის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმი შექმნას დაუდეს საფუძველი. ,,სადაც მაღალი ტარიფი საბოლოო ჯამში მიდიოდა პროცესისკენ, როცა ზოგჯერ, მოლაპარაკების შედეგად, საერთოდ უქმდებოდა ტარიფი და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე იქმნებოდა ქვეყნებს შორის. ამ სტატუს კვოს დასაცავად დღევანდელი საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმი გარკვეულ სისუსტეებს ავლენს, თუმცა პროცესი ადრე არსებულ ტენდენციებს მიჰყვება.’’- აცხადებს ჩვენი რესპონდენტი. ბუბა ბაღდავაძე ამბობს, რომ შეერთებული შტატების საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლოს გადაწყვეტილებამ გარკვეული ეფექტი უკვე მოიტანა, რომელიც საფონდო ბირჟებსა და ვალუტაზე აისახა. მისივე თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება ახალ მოლოდინებს უჩენს მწარმოებლებს, რაც თავის მხრივ ფასებზე და ბაზრების დივერსიფიცირებაზე მოქმედებს.
,,უშუალოდ აშშ-ის შიგნით სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის დაცვას აქვს ისეთი პირდაპირი ზემოქმედების ეფექტი, სადაც სასამართლოს გზით შესაძლებელია გარკვეული სატარიფო ცვლილებების ხელშესახები ფორმით წარმოდგენა. ეს, მათ შორის, გარკვეულ ეკონომიკურ მოლოდინებსაც აჩენს და აქვს ზეგავლენაც ვალუტაზე ან საფონდო ბირჟების მონაცემებზე. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გარკვეული ტიპის პირდაპირი მოქმედების ეფექტი უკვე ვიხილეთ. საფონდო ბირჟაზეც და დოლარის გამყარების კონტექსტშიც გვქონდა გარკვული ცვლილებები. ეკონომიკური მოლოდინები ჩნდება მწარმოებლებში, პროცესი მოქმედებს საწარმოო ინიციატივებზე, ასევე, ინვესტიციებზე. ის ზემოქმედებს - სავაჭრო ფასებსა და ბაზრების დივერსიფიცირებაზეც. სატარიფო რეჟიმები ფაქტობრივად ადამიანების ცხოვრების დონესა და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებზეც ახდენს გავლენას, აქედან გამომდინარე, ამ ყველაფერში სასამართლოების როლი ძალიან დიდია. შესაბამისად, აშშ-ში სხვა ყველა დანარჩენ სამართლებრივ მექანიზმთან ერთად, ძალაუფლების დანაწილების პრინციპი და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.’’- აცხადებს ბუბა ბაღდავაძე.
სააპელაციო სასამართლოში ტარიფების გაუქმების მომთხოვნმა მხარეებმა თავიანთი პოზიცია 5 ივნისამდე უნდა წარადგინონ. აშშ-ის მთავრობას კი 9 ივნისამდე აქვს პასუხის გაცემის ვადა.