2 მაისს, მომავალი კონკლავისთვის სიქსტეს კაპელის სახურავზე საკვამური დაამაგრეს.

მომდევნო პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება.
ტრადიციის დაცვით, სიქსტეს კაპელის შესასვლელთან ათავსებენ ორ ღუმელს, რომელთაგანაც ერთს ბიულეტენების დასაწვავად იყენებენ, ხოლო მეორის მეშვეობით კვამლში ქიმიურ დანამატებს ურევენ, რათა კონკლავის მიღმა სამყაროს პაპის არჩევა ან ვერ არჩევა აცნობონ.
ორივე ღუმლის კვამლი საერთო მილით სიქსტეს კაპელის სახურავს სცდება და მისი სიმაღლე 30 მეტრს აღწევს. პაპის ვერ არჩევის შემთხვევაში ბიულეტენებს ყოველი ორი კენჭისყრის შემდეგ წვავენ - შავი კვამლი ნიშნავს, რომ პაპის არჩევა კვლავ წარუმატებელი იყო, ხოლო თეთრი კვამლი მორწმუნეებს ახალი პონტიფექსის არჩევას ახარებს.
სიქსტეს კაპელაში პირველი კენჭისყრა კონკლავის დაწყების დღესვე იმართება და ეს მომდევნო დღეების მანძილზე დღეში ოთხჯერ, დილით და საღამოს 2-2-ჯერ, მეორდება. ბიულეტენებით ხმის მიცემა მანამ გაგრძელდება, სანამ კარდინალები ახალ პაპს არ აირჩევენ, რისთვისაც ხმების ორ-მესამედია საჭირო.

21 აპრილს პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ვატიკანის ცნობით, მისი სიკვდილის მიზეზი ინსულტი გახდა. ექიმის განმარტებით, ინსულტმა ჯერ კომა, მოგვიანებით კი გულის მძიმე უკმარისობა გამოიწვია.

პაპი ფრანცისკე სამედიცინო დაწესებულებაში 14 თებერვალს გადაიყვანეს. თავდაპირველად მას სასუნთქი გზების პოლიმიკრობული ინფექცია დაუდგინდა, მოგვიანებით კი ექიმებმა პნევმონიის დასაწყისის დიაგნოზი დაუსვეს.

22 თებერვალს წმიდა საყდარმა განაცხადა, რომ უზენაესი პონტიფექსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული იყო.

პაპი საზოგადოებამ ბოლოს 20 აპრილს იხილა, როდესაც მან წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან ტრადიციულად საზოგადოებას მიმართა და სააღდგომო კურთხევა წარმოთქვა.

ვატიკანის ინფორმაციით, პაპ ფრანცისკეს შაბათს, 26 აპრილს, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე დაკრძალავენ. გარდაცვალებამდე, გასული წლის 29 აპრილს, ფრანცისკემ თავისივე დაკრძალვის ცერემონია გაამარტივა, ხოლო ანდერძში მოითხოვა, რომ "საფლავი უნდა იყოს მიწაში: უბრალო, განსაკუთრებული ორნამენტების გარეშე, მხოლოდ ერთი წარწერით: ფრანცისკე".

წყარო: "ტაბულა"