Meta-მ Facebook-ში ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საძიებო ფუნქცია – AI Mode-ი – ჩაუშვა. ის მომხმარებლებს საძიებო მოთხოვნებზე Meta AI-ის დახმარებით უპასუხებს და შედეგებს Facebook-ის საჯარო კონტენტიდან, მათ შორის ჯგუფებიდან და მოკლე ვიდეოებიდან, მოიძიებს.
კომპანიის განცხადებით, ახალი ფუნქცია ტრადიციული საძიებო შედეგების ჩამონათვალის ნაცვლად მომხმარებლებს უფრო პერსონალიზებულ და კონტექსტურ პასუხებს შესთავაზებს.
AI Mode-ს საფუძვლად უდევს Muse Spark-ი, Meta-ს ახალი ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილში წარადგინა. ეს არის პირველი მნიშვნელოვანი AI-მოდელი, რომელიც Meta Superintelligence Labs-მა შექმნა. შეგახსენებთ, აღნიშნულ განყოფილებას კომპანია Scale AI-ის ყოფილი CEO, ალექსანდრ ვანგი ხელმძღვანელობს.
Morgan Stanley-ის ანალიტიკოსის, ბრაიან ნოვაკის შეფასებით, თუ ახალი სერვისი Facebook-ის დაახლოებით 1 მილიარდ მომხმარებელს შეინარჩუნებს და ყოველდღიური საძიებო მოთხოვნების მხოლოდ 10%-ის მონეტიზაციას შეძლებს, Meta-სთვის წლიური შემოსავალი 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს.
AI Mode-თან ერთად Meta-მ ფოტოებისა და ვიდეოების რედაქტირების ახალი AI-ფუნქციებიც წარადგინა. მათ შორისაა კოლაჟების ავტომატური შაბლონები, ვიდეოებისთვის გადასვლის ეფექტები და ფოტოების პრესეტები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს სურათებში ტანსაცმელი, ვარცხნილობა და აქსესუარები შეცვალონ.
ორშაბათს, სიახლის გავრცელების შემდეგ, Meta-ს აქციების ღირებულება თითქმის 5%-ით გაიზარდა და 595 დოლარს მიუახლოვდა. მიუხედავად ამისა, კომპანიის აქციები წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 8%-ით არის გაუფასურებული.
უცნობია, ზუსტად როგორ არჩევს AI Mode-ი ინფორმაციას და რა მეთოდებით აფასებს წყაროების სანდოობას. Meta აცხადებს, რომ პასუხები დაფუძნებული იქნება მომხმარებლების მიერ Facebook-ის სხვადასხვა სერვისში საჯაროდ გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე, თუმცა კომპანიას ჯერჯერობით არ განუმარტავს, როგორ შეებრძოლება დეზინფორმაციის გავრცელების რისკებს, რაც პლატფორმისთვის წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო.
აღსანიშნავია, რომ Meta AI უკვე ინტეგრირებულია Facebook-ში, Instagram-ში, WhatsApp-სა და Messenger-ში, თუმცა AI Mode-ი პირველი შემთხვევაა, როდესაც კომპანია ხელოვნურ ინტელექტს Facebook-ის საძიებო სისტემის პირდაპირ ალტერნატივად უშვებს. ეს ნაბიჯი Meta-ს Google-თან უშუალო კონკურენციაში აყენებს.
ანალიტიკოსების ნაწილის შეფასებით, ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ახალი საძიებო სისტემა შესაძლოა გახდეს ის პროდუქტი, რომელიც Meta-ს მრავალმილიარდიანი AI-ინვესტიციების კომერციულ ეფექტს პირველად მკაფიოდ წარმოაჩენს.