დღეში ერთხელ მიღებული აბი ვიტილიგოთი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს კანის ფერის აღდგენაში დაეხმარა — დაავადების, რომელიც კანზე ლაქების გაჩენას იწვევს.

ამ მიღწევამ შეიძლება უზრუნველყოს მარტივი გამოსავალი, განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის, რომლებსაც ვიტილიგო სხეულის დიდ ნაწილზე ან ძნელად მისაწვდომ ადგილებში აქვთ.

ყოველ ცალკეულ ლაქაზე წასასმელი კრემებისგან განსხვავებით, ტაბლეტი მთელ სხეულზე მოქმედებს.

ვიტილიგო ჩნდება მაშინ, როცა იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის იმ უჯრედებს, რომლებიც კანის ფერს განაპირობებენ. დაავადება გადამდები არ არის, მაგრამ მის მიერ გამოწვეული ლაქები გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ვიტილიგოს მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან სტიგმას, შფოთვას და სოციალურ გარიყულობას. შესაბამისად, კანის ფერის აღდგენა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ გარეგნობა.

ამჟამად ხელმისაწვდომ სამკურნალო საშუალებებს შორისაა კრემები და სინათლით თერაპია. ეს კანს ფერის დაბრუნებაში ეხმარება, მაგრამ ხშირად საჭიროებს განმეორებით თერაპიას მრავალი თვის განმავლობაში. კრემების წასმა ასევე რთულია, როცა ვიტილიგო დიდ ფართობზეა გავრცელებული.

ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ ახალ კვლევაში, პრეპარატი, სახელად უპადაციტინიბი გამოცადეს 614 ზრდასრულ ადამიანსა და 12 წლის ან უფრო დიდი ასაკის მოზარდებზე.

ორი ცდა 18 ქვეყანაში, 138 სხვადასხვა ინსტიტუციაში ჩატარდა. ყველა მონაწილეს ვიტილიგოს ყველაზე გავრცელებული ფორმა ჰქონდა — ლაქები გავრცელებული იყო სახესა და ტანზე.

მონაწილეები 48 კვირის განმავლობაში, დღეში ერთხელ იღებდნენ 15 მილიგრამ უპადაციტინიბს ან პლაცებოს. არც მკვლევრებმა და არც მონაწილეებმა არ იცოდნენ, ვინ წამალს იღებდა და ვინ პლაცებოს.

პირველ ცდაში, უპადაციტინიბის ჯგუფის მონაწილეთა თითქმის 25 პროცენტს სახეზე კანის ფერის სულ მცირე 75 პროცენტი აღუდგათ. ასეთ შედეგს პლაცებოს ჯგუფიდან მხოლოდ ექვსმა პროცენტმა მიაღწია.

მეორე ცდამაც თითქმის ასეთივე შედეგი დადო. სამიზნეს მიაღწია წამლის ჯგუფის 23-მა პროცენტმა, პლაცებოს ჯგუფიდან კი შვიდმა პროცენტმა.

ფერი დაბრუნდა სხეულის სხვა ნაწილებშიც. ორივე ცდაში, უპადაციტინიბის ჯგუფის 19-მა და 21-მა პროცენტმა დაზიანებულ ზონებში დაკარგული ფერის სულ მცირე ნახევარი აღიდგინეს. ასეთივე შედეგი პლაცებოს თითოეულ ჯგუფში მხოლოდ ექვს პროცენტს ჰქონდა.

ზოგიერთ პაციენტს კიდევ უფრო ძლიერი შედეგი აღენიშნა. ორივე ცდაში, ნამკურნალებ პაციენტთა 14-მა პროცენტმა სახეზე დაკარგული ფერის სულ მცირე 90 პროცენტი დაიბრუნა, პლაცებოს ჯგუფში კი 2-3-მა პროცენტმა.

კანის ფერი ჯერ კიდევ ბრუნდებოდა, როცა 48-კვირიანი ცდა დასრულდა, რაც მიუთითებს, რომ ხანგრძლივმა მკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო უკეთესი შედეგები დადოს.

უპადაციტინიბი ამშვიდებს იმუნური პასუხის იმ ნაწილს, რომელიც ვიტილიგოს იწვევს. შედეგად, მცირდება მისი თავდასხმა კანის ჯანმრთელ უჯრედებზე და უკვე დაზიანებულებს ფერის ხელახლა დაბრუნების საშუალება ეძლევათ.

პრეპარატი მიეკუთვნება მედიკამენტების ოჯახს, რომელსაც JAK ინჰიბიტორებს უწოდებენ. ასევე შესწავლილია ამ ჯგუფის სხვა პრეპარატები ისეთ დაავადებებზე, რომლებშიც ზედმეტად აქტიური იმუნური პასუხი აზიანებს კანს.

ვინაიდან აბები მთელ სხეულზე მოქმედებს, შეიძლება განსაკუთრებით გამოადგეთ ადამიანებს, რომლებსაც ვიტილიგო ფართოდ აქვთ გავრცელებული ან ისეთ ადგილებში, რომლებსაც კრემის წასასმელად ვერ სწვდებიან. ასევე შეიძლება უფრო მოსახერხებელი იყოს, ვიდრე კლინიკაში სინათლის თერაპიისთვის განმეორებით წასვლა.

უპადაციტინიბი ევროკავშირმა 2026 წლის ივლისში დაამტკიცა ვიტილიგოს ჩვეულებრივი ფორმის (არასეგმენტირებული) მქონე ზრდასრულებისა და 12 წლის ან უფრო მაღალი ასაკის მოზარდებისთვის. დამტკიცების სტატუსი მთელ მსოფლიოში სხვადასხვაა.

ჯერ კიდევ არსებობს მნიშვნელოვანი გაურკვევლობები. იმ პაციენტთა დაახლოებით სამი-მეოთხედი, ვინც ამ აბებს იღებს, ვერ აღწევს მთავარ მიზანს სახის მდგომარეობის გაუმჯობესების თვალსაზრისით. ხუთიდან დაახლოებით ოთხი ადამიანი ვერ იბრუნებს ფერის სულ მცირე ნახევარს სხეულის მასშტაბით.

ყველაზე ხშირად დაფიქსირებულ პრობლემებს შორის იყო ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, აკნე, თავის ტკივილი და ცხვირისა და ყელის ანთება. წამლის მიმღებ შვიდ პაციენტს განუვითარდა ჰერპესი. ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აღინიშნა პირველ ცდაში ნამკურნალებ პაციენტთა ოთხ პროცენტში და მეორე ცდაში ორ პროცენტში.

48-კვირიანი შედარება საკმარისი არ იყო იშვიათი გრძელვადიანი რისკების გამოსარიცხად. უპადაციტინიბის სხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებისას უკვე არის გაფრთხილებები სერიოზული ინფექციების, კიბოს, გულის პრობლემებისა და სისხლის შედედების შესახებ.

მონაწილეებს კიდევ 112 კვირის განმავლობაში უნდა დააკვირდნენ, რამაც შეიძლება აჩვენოს, რამდენად შესაძლებელია ვიტილიგოს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუმჯობესება.

ჯერ ასევე უცნობია, შენარჩუნდება თუ არა კანის აღდგენილი ფერი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

ცდებში აბები შეადარეს პლაცებოს და არა უკვე არსებულ კრემებს ან სინათლის თერაპიას. მონაწილეთა უმეტესობა თეთრკანიანი იყო და მუქი კანის მქონე ადამიანები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილნი.

კვლევა დააფინანსა უპადაციტინიბის მწარმოებელმა კომპანია AbbVie-მ. ეს კომპანია მონაწილეობდა კვლევების შემუშავებაში, მონაცემების ანალიზსა და ნაშრომის მომზადებაში.

შედეგები გვთავაზობს გარკვეულ ადრეულ მტკიცებულებას იმისა, რომ ყოველდღიურმა აბმა ზოგიერთ ადამიანში შეიძლება მნიშვნელოვნად აღადგინოს კანის დაკარგული ფერი. უფრო ხანგრძლივი კვლევები დაადგენს, რამდენ ხანს გრძელდება წამლით მიღებული სარგებელი და ექიმებს დაეხმარება იმის გადაწყვეტაში, ყველაზე მეტად რომელი პაციენტი ნახავს სარგებელს უსაფრთხოდ.

კვლევა ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

წყარო: პირველი არხი