დონალდ ტრამპის მიერ ევროკავშირისთვის 20%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გაკეთებული განცხადებიდან სამი დღის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, მილიარდერმა ილონ მასკმა ტარიფების გაუქმებას დაუჭირა მხარი. ასეთი მოწოდება მასკმა იტალიური ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ყრილობის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„საბოლოო ჯამში, იმედი მაქვს, რომ იქნება მიღწეული შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ევროპა და აშშ-ი უნდა გადავიდნენ ნულოვან ტარიფზე, ფაქტობრივად, შექმნიან თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის“, – განაცხადა ილონ მასკმა.
მისივე თქმით, თუ ადამიანებს სურთ ევროპაში ან ჩრდილოეთ ამერიკაში მუშაობა, მათ ამის უფლება უნდა მისცე. მასკის თქმით, ასეთი იყო რჩევა, რომელიც მან აშშ-ის პრეზიდენტს მისცა.
ცნობისთვის, ერთ-ერთი პირველი, ვინც ტრმაპის მიერ დაწესებული ტარიფები გააკრიტიკა, იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონი იყო. მისი თქმით, ტარიფების დაწესება არასწორია და არცერთ მხარეს არ აწყობს.