ფრანგული „სტრასბურგის“ მთავარმა მწვრთნელმა, ინგლისელმა ლიამ როსენიორმა, შესაძლოა, ლონდონის „ჩელსი“ ჩაიბაროს, – ამის შესახებ სატრანსფერო სიახლეების ექსპერტი ფაბრიციო რომანო წერს.
რომანოს თქმით, კლუბი როსენიორის კანდიდატურას რამდენიმე კვირის წინაც განიხილავდა, ახლა კი ის მთავარი ფავორიტია.
პირველ იანვარს „ჩელსიმ“ მთავარი მწვრთნელი, იტალიელი ენცო მარესკა თანამდებობიდან გაათავისუფლა. მიზეზი კლუბის ხელმძღვანელობასა და სპეციალისტს შორის არსებული უთანხმოება იყო.
41 წლის როსენიორი „სტრასბურგს“ სათავეში 2024 წელს ჩაუდგა. მასთან ერთად ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში გუნდი ცხრილში მეშვიდე ადგილს იკავებს.
რაც შეეხება „ჩელსის“, ლონდონურ გუნდს ამჟამად 30 ქულა აქვს და ინგლისის პრემიერლიგაში მეხუთე ადგილზეა.