ლეგენდარული რეჟისორი დევიდ ლინჩი, რომელიც გამოირჩეოდა უნიკალური ხედვით, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კინოსამყაროსთვის ერთ-ერთმა ყველაზე გამორჩეულმა რეჟისორმა აღიარება 1970-იან წლებში მოიპოვა, სიურრეალისტური ფილმით „საშლელთავა“  და შემდეგი ათწლეულების განმავლობაში არაერთხელ გაუოცებია მაყურებელი.

ის არის ავტორი ისეთი ცნობილი ფილმებისა, როგორებიცაა „ადამიანი სპილო”, „ლურჯი ხავერდი”, „მალჰოლანდ დრაივი” და სხვა.

განსაკუთრებული პოპულარობა რეჟისორს გახმაურებულმა მისტიკურმა სატელევიზიო სერიალმა „ტვინ პიქსმა“ მოუტანა. სერიალის პრემიერა 1990 წელს შედგა და მთელ მსოფლიოში მილიონობით მაყურებელი ტელეეკრანებს მიაჯაჭვა. სურათი დღესაც არ კარგავს აქტუალობას.

დევიდ ლინჩი არის კანის კინოფესტივალის „ოქროს პალმისა“ და ვენეციის კინოფესტივალის საპატიო „ოქროს ლომის“ გამარჯვებული. ის სამჯერ იყო ნომინირებული „ოსკარზე.” „ოსკარი“ რეჟისორს 2019 წელს კინემატოგრაფიაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის გადასცეს.

რეჟისორის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, მისი დაავადება გახდა. დევიდ ლინჩს საჯაროდ ჰქონდა გაცხადებული, რომ მას ემფიზემა, ფილტვების დაზიანება ჰქონდა.

წყარო: ევრონიუს ჯორჯია