როგორც ადრე, ლატვიაში ამჟამადაც ყოველთვიურად დაახლოებით 500-600 უკრაინელი ლტოლვილი ჩადის. ისინი პირველად დახმარებას კვლავ მიიღებენ, მაგრამ მომავალი წლების მხარდაჭერის საერთო პროგრამა გადაიხედება. ამის შესახებ „ლატვიის რადიოსთან“ ინტერვიუში ორგანიზაცია „Gribu palīdzēt bēgļiem“-სა („მსურს, დავეხმარო ლტოლვილებს“) და გაერო-ს ლტოლვილთა სააგენტოს ლატვიის ბიუროს წარმომადგენელმა, დაცე მეილიამ განაცხადა.

მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული უკრაინელი ლტოლვილების მხარდაჭერის პროგრამის დაფინანსება გადაიხედება, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია რა სახეს მიიღებს ის, რადგან კონკრეტული გეგმა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია. მისი სავარაუდო შემცირება უკავშირდება სახელმწიფო ბიუჯეტის კონკრეტულ პრიორიტეტებს, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვის ხარჯების ზრდას და იმ ფაქტს, რომ დადგა დრო, გადაიხედოს უკრაინელი ლტოლვილებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო დახმარების ზომები, რომლებიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ არის მიღებული.

„თუმცა, მომავალ წელს იგეგმება ლატვიაში ჩასული უკრაინელებისთვის პირველადი დახმარების გაგრძელება, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის“, - ხაზგასმით აღნიშნა მეილიამ.

მნიშვნელოვანი აქცენტი ასევე გაკეთდება ლატვიური ენის შესწავლაზე, რისი ორგანიზებაც აქამდე, ხშირად, ცალკეული პროექტების სახით და პერიოდულად ხდებოდა.

„ეს პროგრამა უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა „Gribu palīdzēt bēgļiem“-ის წარმომადგენელმა.

კითხვაზე, თუ როგორ შეიცვალა ლატვიის საზოგადოების დამოკიდებულება ლტოლვილების მიმართ, მეილიამ უპასუხა, რომ 2015 წლის შემდეგ, როდესაც ლატვიაში ცოტა ლტოლვილი იყო, ქვეყანამ დიდი გზა გაიარა და ბევრი ცვლილება განიცადა.

„გამოცდილება და გამოწვევები, მათ შორის საზოგადოების პოლარიზებული დამოკიდებულება ლტოლვილების მიმართ, მნიშვნელოვნად გაიზარდა“, - აღიარა მან.

წყარო: 1 არხი