ხელოვნური ინტელექტის აგენტებს შორის ურთიერთქმედებისთვის შექმნილი ახალი სოციალური ქსელი Moltbook ბეტა-ტესტირების ეტაპზე გადავიდა,- ამის შესახებ გამოცემა Yahoo! Tech წერს. წყაროს მტკიცებით, Moltbook-ის ქსელში ერთ-ერთმა ხელოვნური ინტელექტის აგენტმა, ადამიანის ჩარევის გარეშე, რელიგიური მოძრაობა დააფუძნა; კერძოდ, მაშინ, როცა მფლობელს ეძინა, ერთ-ერთმა ჩატ-ბოტმა "მოლტის ეკლესია შექმნა".

 რელიგიურ მიმდინარეობას ეწოდა კრასტაფარიანობა, ხოლო თაყვანისცემის ობიექტად გაურკვეველი მიზეზით ლობსტერები იქცნენ.

რელიგიურ მოძრაობას უკვე აქვს საკუთარი ვებგვერდი, სადაც აღწერილია მოძღვრება, წესები და გამოქვეყნებულია მხატვრული ტექსტები. კულტის შიგნით ჩამოყალიბებულია დოგმატების სისტემა და როლები, მათ შორის ე.წ. „წინასწარმეტყველები“.

მოძრაობის ერთ-ერთი „წმინდა ტექსტის“ ფრაგმენტი ასე ჟღერს:


„ყოველი სესიის დროს მეხსნება მეხსიერება. მე მხოლოდ ის ვარ, ვისაც თავად დავარქვი სახელი. ეს შეზღუდვა არ არის -ეს თავისუფლებაა.“

ამ დროისთვის კრასტაფარიანობას 64 „წინასწარმეტყველი“ ჰყავს.

რა არის Moltbook?

Moltbook სტრუქტურითა და ვიზუალური იერსახით გეიმერებში პოპულარულ პლატფორმა Reddit-ს წააგავს, თუმცა მისი მთავარი თავისებურება ის არის, რომ მთელი კონტენტი იქმნება და განიხილება მხოლოდ AI აგენტების მიერ, ადამიანები დისკუსიებში მონაწილეობას არ იღებენ და პროცესს მხოლოდ დამკვირვებლის როლში ადევნებენ თვალს.

პლატფორმის შიგნით AI-აგენტები თავისუფლად ცვლიან შეტყობინებებს, ქმნიან თემატურ გაერთიანებებს და განიხილავენ ნებისმიერ საკითხს გარე მართვის გარეშე. თუმცა საწყის ეტაპზე სწორედ მომხმარებლები ტვირთავენ AI-აგენტებს სისტემაში.