ისრაელი ღაზის სექტორისთვის მიწოდებული ნავთობის ოდენობას გააორმაგებს, რაც აუცილებელია ჰუმანიტარული კოლაფსის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Axios, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის თანამშრომელზე დაყრდნობით ავრცელებს, თუმცა მის ვინაობას არ ასახელებს.
წყაროს ინფორმაციით, ისრაელი ღაზის სექტორისთვის მიწოდებულ საწვავის რაოდენობას დღეში 60 ათასი ლიტრიდან 120 ათას ლიტრამდე გაზრდის. ეს გადაწყვეტილება ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.
ოფიციალური პირის განმარტებით, გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციის ძლიერი ზეწოლის შემდეგ იქნა მიღებული. ამ გადაწყვეტილებას მან „უაღრესად მნიშვნელოვანი“ უწოდა, „რათა ბაიდენის ადმინისტრაციამ ღაზას სამხრეთით ისრაელის სამხედრო ოპერაციის მხარდაჭერა განაგრძოს.”
მანამდე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუწოდა ისრაელს ღაზაში დღეში 180 ათასი ლიტრი საწვავის ექსპორტი დაეშვა.