ირანმა ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყა, რის გამოც ჩარჩენილი მეზღვაურების ევაკუაცია შეჩერდა, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ გემს ირანული დრონით დაარტყეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.
თავდასხმამდე რამდენიმე საათით ადრე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა განაცხადა, რომ გემებს უსაფრთხო გავლა მხოლოდ ირანის მარშრუტებით შეეძლებათ. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია კი ამტკიცებს, რომ სრუტე თავისუფალი და გახსნილია.
თავდასხმამ გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) აიძულა შეეწყვიტა მისია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ სპარსეთის ყურის რეგიონში ჩარჩენილი ასობით გემისა და 11 000-ზე მეტი მეზღვაურის ევაკუაციას ითვალისწინებს. მისია ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო.