ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი აკრიტიკებს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერილ საბიუჯეტო კანონპროექტს და მას „საზიზღარი სისაძაგლე“ უწოდა.
„სირცხვილი მათ, ვინ მას ხმა მისცა“, – დაწერა ილონ მასკმა სოციალურ ქსელში.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტების სერიაში ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ეს აღმაშფოთებელი კანონპროექტი მასიურად გაზრდის ისედაც გიგანტურ საბიუჯეტო დეფიციტს, რომელიც 2,5 ტრილიონ დოლარს შეადგენს და ტვირთად დააწვება ამერიკის მოქალაქეებს გამანადგურებელ გაუსაძლის ვალად.
„მომავალი წლის ნოემბერში ჩვენ გავათავისუფლებთ ყველა პოლიტიკოსს, ვინც უღალატა ამერიკელ ხალხს“, – დაწერა მასკმა.
ილონ მასკმა აშშ-ის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია გასულ კვირას დატოვა. აღნიშნულ დეპარტამენტს, რომელიც ხარჯების შესამცირებლად შეიქმნა, მასკი 129 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ცნობისთვის, კანონპროექტი ითვალისწინებს დონალდ ტრამპის პირველი ადმინისტრაციის დროს, 2017 წელს მიღებული საგადასახადო შეღავათების გაგრძელებას, ასევე თავდაცვის სფეროში და უსაბუთო მიგრანტების მასობრივი დეპორტაციის დამატებით დაფინანსებას. ის ასევე ითვალისწინებს სახელმწიფო ვალის ლიმიტის 4 ტრილიონ დოლარამდე გაზრდას.
ამჟამად კანონპროექტი სენატშია წარდგენილი. რესპუბლიკელმა სენატორმა, რენდ პოლმა უკვე განაცხადა, რომ არ დაუჭერს დოკუმენტს მხარს, თუ ის ვალის ლიმიტის გაზრდას მოიცავს. აღნიშნულ განცხადებას პრეზიდენტ ტრამპის კრიტიკა მოჰყვა. ტრამპმა სენატორს თავის სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი მიუძღვნა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ სენატორს ძალიან მცირე წარმოდგენა აქვს კანონპროექტზე და რომ კენტუკის მოსახლეობა მას ვერ იტანს.
„მისი იდეები ნამდვილად გიჟურია“, – დაწერა ტრამპმა.