გაეროს ბირთვული მონიტორინგის სააგენტოს საიდუმლო ანგარიშის თანახმად, ირანი ბირთვული იარაღისთვის საჭირო დონემდე გამდიდრებული ურანის მარაგის ზრდას აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ The Associated Press ავრცელებს.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ანგარიშში, რომელზეც AP-მ წვდომა მოიპოვა, აღნიშნულია, რომ 2025 წლის 17 მაისის მდგომარეობით, ირანი ფლობს 408.6 კილოგრამ ურანს, რომელიც 60%-მდეა გამდიდრებული.
ეს ნიშნავს იმას, რომ თებერვლის შემდეგ თეირანმა 60%-მდე გამდიდრებული ურანის მარაგი 133.8 კილოგრამით გაზარდა. IAEA-ს მიერ თებერვალში გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, იმ დროს ირანის მარაგი 274.8 კილოგრამს შეადგენდა.
როგორც AP წერს, მხოლოდ მცირე ტექნიკური პროცესია საჭირო, რათა თეირანმა დაგროვებული ურანი 90%-მდე გაამდიდროს, რითიც შემდგომ ბირთვული იარაღის დამზადება შეეძლება.
IAEA-ს გენერალურ დირექტორს, მარიანო გროსის ხშირად უთქვამს, რომ "ირანი ბირთვული იარაღის არმქონე ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ურანს ამ დონემდე ამდიდრებს". 31 მაისს გროსიმ განაცხადა, რომ იგი "კვლავაც მოუწოდებს ირანს, სრულად და ეფექტურად ითანამშრომლოს" IAEA-სთან.
IAEA-ს ანგარიშის პარალელურად, თეირანსა და ვაშინგტონს შორის შესაძლო ბირთვული შეთანხმების შესახებ მრავალეტაპიანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
28 მაისს ტრამპმა თქვა, რომ მან ისრაელის პრემიერმინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს ირანზე იერიშების გადადება სთხოვა, რათა აშშ-ს ადმინისტრაციას თეირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების მისაღწევად მეტი დრო ჰქონოდა.
ტრამპის განცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, 29 მაისს ირანელმა მაღალჩინოსნებმა უარყვეს სპეკულაციები, რომ აშშ-სთან ბირთვული შეთანხმების მიღწევა გარდაუვალია. მათ ხაზი გაუსვეს, რომ ნებისმიერი შეთანხმების მისაღწევად აშშ-მ ირანს სანქციები უნდა მოუხსნას და დაუშვას ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელება.
როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა 30 მაისს თქვა, მას რომ მას კვლავ სჯერა, რომ შეთანხმება შეიძლება "არც ისე შორეულ მომავალში" იქნეს მიღწეული.
"მათ არ სურთ, რომ აფეთქდნენ. მათ ურჩევნიათ, შეთანხმება დადონ. შესანიშნავი იქნებოდა, შეთანხმება ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით ბომბების ჩამოყრის გარეშე რომ დაგვედო". - თქვა ტრამპმა.
ტრამპმა ასევე თქვა, რომ მან ნეთანიაჰუ გააფრთხილა, არ განახორციელოს პრევენციული დარტყმები ირანის ბირთვულ პროგრამაზე, სანამ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
ცნობისთვის, 2015 წელს ირანმა აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან შეთანხმება დადო, რომ საერთაშორისო სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ საკუთარ ბირთვულ პროგრამას შეზღუდავდა, თუმცა 2018 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის მეორე წელს დონალდ ტრამპი შეთანხმებიდან გამოვიდა.
მეორე საპრეზიდენტო ვადაში კი ირანთან ბირთვული პროგრამის შესახებ შეთანხმების მიღწევა ტრამპის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი გახდა.
წყარო: tabula.ge