მშვიდობა თქვენ ყველას, – ასე მიმართა ახლად არჩეულმა რომის პაპმა, ლეო XIV-მ წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილ მორწმუნეებს.

პაპმა ლეო XIV-მ პატივი მიაგო გარდაცვლილ პაპ ფრანცისკეს და მოუწოდა შეკრებილებს, მუდამ ახსოვდეთ ის.

„დავიმახსოვროთ პაპ ფრანცისკეს სუსტი ხმა, რომელიც აღდგომის დილას რომს ლოცავდა, პაპი, რომელმაც რომი დალოცა, მთელი მსოფლიო დალოცა აღდგომის დილას. ნება მომეცით, გავაგრძელო ეს კურთხევა. ღმერთს ვუყვარვართ. ღმერთს უყვარს ყველა. ბოროტება ვერ გაიმარჯვებს“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ იტალიურად.

პაპმა იტალიურ და ესპანურ ენებზე მადლობა გადაუხადა კარდინალებს, რომლებმაც ის ორდღიანი კონკლავის დროს აირჩიეს.

„ასევე, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს ძმებს, კარდინალებს, რომლებმაც ამირჩიეს მემკვიდრედ. ყოველთვის ვეძებოთ მშვიდობა და სამართლიანობა“, – განაცხადა პაპმა ლეო XIV-მ.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლი 69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია ისტორიაში. პაპობაში მას ლეო XIV ეწოდება.

1tv.ge