გერმანიაში მიგრაციის პოლიტიკა სულ უფრო მკაცრი ხდება, თუმცა სირიელი მიგრანტების შესაძლო მასობრივ დაბრუნებაზე დისკუსია უკვე მხოლოდ პოლიტიკური საკითხი აღარ არის. ის პირდაპირ უკავშირდება ევროპის უდიდესი ეკონომიკის შრომის ბაზარს, დემოგრაფიულ კრიზისსა და სოციალური სისტემის მდგრადობას. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნებას ემხრობა, ეკონომისტები და შრომის ბაზრის სპეციალისტები აფრთხილებენ, რომ ასეთი მასშტაბის რეემიგრაციამ ქვეყანას შესაძლოა სერიოზული ეკონომიკური ზიანი მიაყენოს.

გერმანიაში ამჟამად დაახლოებით 940 ათასი სირიის მოქალაქე ცხოვრობს. მათი დიდი ნაწილი ქვეყანაში 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს ჩავიდა, როდესაც ანგელა მერკელის მთავრობამ ლტოლვილების მიღების პოლიტიკა გაამარტივა. ბოლო წლებში სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დაცემისა და გერმანიაში მიგრაციის საწინააღმდეგო პოლიტიკური განწყობების გაძლიერების ფონზე, მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება და სულ უფრო ხშირად ისმის მოწოდებები სირიელების დაბრუნების შესახებ.

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა არაერთხელ განაცხადა, რომ სირიაში ვითარების ცვლილების შემდეგ დაბრუნების პროცესი ეტაპობრივად უნდა დაიწყოს. ამ ფონზე, საზოგადოებრივი აზრის კვლევები აჩვენებს, რომ გერმანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი სირიელი მიგრანტების დიდი ნაწილის ქვეყნიდან გასვლას მხარს უჭერს. თუმცა ეკონომიკური სურათი გაცილებით უფრო რთულია.

გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტისა და შრომის ბაზრის კვლევითი ცენტრების მონაცემებით, ქვეყანაში დაახლოებით 300 ათასი სირიელი უკვე დასაქმებულია. მათგან მნიშვნელოვანი ნაწილი მუშაობს ისეთ სექტორებში, სადაც გერმანიას კადრების მწვავე დეფიციტი აქვს, მათ შორის ჯანდაცვაში, ლოგისტიკაში, მშენებლობაში, მომსახურების სფეროსა და სამრეწველო სექტორში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავადმყოფოები და მოვლის სერვისები, სადაც უცხოელი მუშახელის გარეშე სისტემის გამართული მუშაობა სულ უფრო რთული ხდება.

ეკონომისტები აღნიშნავენ, რომ გერმანია ერთდროულად ორ პროცესს ეჯახება. ერთი მხრივ, იზრდება საზოგადოებრივი უკმაყოფილება მიგრაციის მიმართ, მეორე მხრივ კი ქვეყანა სწრაფად ბერდება და შრომისუნარიანი მოსახლეობა მცირდება. გერმანიის ფედერალური სტატისტიკის სამსახურის პროგნოზით, მომდევნო ათწლეულებში ქვეყანას მილიონობით ახალი მუშახელი დასჭირდება, რათა ეკონომიკის არსებული მოცულობა შეინარჩუნოს. სწორედ ამიტომ, მიგრანტების, მათ შორის სირიელების, ეკონომიკური როლი ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე რამდენიმე წლის წინ.

ანალიტიკოსები, ექსპერტები და დემოგრაფიული პოლიტიკის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ სირიელი მიგრანტების გავლენა გერმანიის ეკონომიკაზე ორმხრივია. ერთის მხრივ, მიგრაციის პირველ წლებში სახელმწიფოს სოციალური ხარჯები იზრდება, რადგან საჭიროა საცხოვრებელი, განათლება, ენის კურსები, ჯანდაცვა და ინტეგრაციის პროგრამები. ეს განსაკუთრებით მძიმე ტვირთად იქცა 2015 წლის შემდეგ, როდესაც გერმანიაში ასობით ათასი ადამიანი მოკლე პერიოდში შევიდა.

თუმცა, გრძელვადიან პერსექტივაში ეკონომიკური ეფექტი ხშირად პოზიტიურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიგრანტები შრომის ბაზარში ინტეგრირდებიან. OECD-ისა და გერმანიის ეკონომიკური ინსტიტუტების კვლევები აჩვენებს, რომ დასაქმებული მიგრანტები ავსებენ იმ სამუშაო ადგილებს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის დეფიციტია და სოციალური სისტემის დაფინანსებაშიც მონაწილეობენ გადასახადების მეშვეობით.

ამავე დროს, არსებობს რისკებიც, რომლებზეც გერმანიის პოლიტიკური სპექტრის ნაწილი აქტიურად საუბრობს. უსაფრთხოების, კრიმინალის, სოციალური ინტეგრაციისა და პარალელური საზოგადოებების ფორმირების საკითხები გერმანიის შიდა პოლიტიკაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე თემად რჩება. განსაკუთრებით მგრძნობიარეა ის შემთხვევები, როდესაც მიგრანტების ნაწილი ვერ ახერხებს შრომის ბაზარში ინტეგრაციას და ხანგრძლივად სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული რჩება. სწორედ ეს გარემოება აძლიერებს ანტიმიგრაციულ განწყობებს და პოპულისტური პოლიტიკური ძალების მხარდაჭერას.

სირიელთა დაბრუნების საკითხს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ახლავს. მიუხედავად ბაშარ ალ ასადის რეჟიმის დასრულებისა, სირიაში უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური მდგომარეობის კრიზისი კვლავ მძიმეა. გაეროს მონაცემებით, მილიონობით სირიელს საცხოვრებელი აღარ აქვს, მრავალი ქალაქი განადგურებულია და ქვეყანაში სრულფასოვანი ეკონომიკური აღდგენა ჯერ არ დაწყებულა. ამიტომ, ბევრი სირიელი ლტოლვილი მიიჩნევს, რომ დაბრუნებისთვის პირობები ჯერ ისევ არასაკმარისია.

გერმანიისთვის მთავარი კითხვა ახლა ის არის, როგორ დააბალანსოს ეკონომიკური საჭიროებები და პოლიტიკური ზეწოლა. თუ ქვეყანა მკვეთრად შეამცირებს მიგრანტების რაოდენობას, შესაძლოა კიდევ უფრო გამწვავდეს მუშახელის დეფიციტი, განსაკუთრებით ჯანდაცვისა და მომსახურების სექტორში. თუ ინტეგრაციის პოლიტიკა ვერ იმუშავებს, გაიზრდება სოციალური დაძაბულობა და პოლიტიკური პოლარიზაცია. სწორედ ამიტომ, სირიელი მიგრანტების საკითხი გერმანიაში მხოლოდ ჰუმანიტარული ან უსაფრთხოების თემა აღარ არის. ის უკვე ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკის განვითარების მოდელის ნაწილად იქცა.

წყაროები: