ინდოეთის რიგით მეორე ყველაზე მდიდარი ადამიანი, Adani Group-ის დამფუძნებელი გაუტამ ადამი მშობლიურ მხარეში მიკროჩიპების $10-მილიარდიანი ქარხნის მშენებლობას აანონსებს.

ქარხანა, რომელიც მუმბაის მახლობლად, ტალოჯაში განთავსდება, ისრაელურ Tower Semiconductor-თან თანამშრომლობით აშენდება.

კონკრეტულად როდის ამოქმედდება ქარხანა, დაზუსტებული არ არის, მაგრამ ცნობილია, რომ თავდაპირველად, ქარხანაში თვეში 40,000 ფირფიტა დამზადდება, მეორე ეტაპზე კი, წარმადობა გაორმაგდება. მიკროჩიპები, რომლებსაც გაუტამ ადამის ქარხანაში დაამზადებენ, სხვადასხვა მოწყობილობებში იქნება გამოყენებული, მათ შორის დრონებში, ავტომობილებსა და სმარტფონებში.

გაუტამ ადანის ამ გადაწყვეტილებას რამდენიმე ახსნა აქვს. პირველ რიგში, გაუტამ ადანის შემოსავლის გაზრდა სურს, რადგან კვლევითმა ორგანიზაცია Hinderburg Research-მა მის კომპანიას, ფაქტობრივად, ხაზი გადაუსვა და ადანი, რომელიც, თავის დროზე, უმდიდრესი ადამიანების სამეულში შედიოდა, რამდენიმე ათეული პოზიციით უკან დახია. ამასთან, მიკროჩიპების სექტორის განვითარება ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის ხედვასაც ემთხვევა, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ადანი და მოდი ხშირად თანამშრომლობენ.

თუმცა წმინდა ფინანსურ სარგებელთან ერთად, მიკროჩიპების წარმოება ძალიან მნიშვნელოვანია გეოპოლიტიკურადაც, მით უფრო მას შემდეგ, რაც ნარენდრა მოდი ტრანსფორმირდა და ერთ-ერთ მთავარ ლიდერად ჩამოყალიბდა პლანეტაზე. დღეს, მიკროჩიპების ბაზრის 60%-იან წილს ტაივანური TSMC ფლობს, რომელიც მიკროჩიპებს რამდენიმე ადგილას აწარმოებს, მათ შორის ტაივანში, რომელიც, ბოლო წლებში, ჩინეთს და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის მიმდინარე სავაჭრო ომის ერთ-ერთ ცხელ წერტილად იქცა.

მიკროჩიპების ინდუსტრიის განვითარება პირდაპირ კავშირშია სამყაროს ტექნოლოგიურ განვითარებასთან, რადგან ნებისმიერი მოწყობილობა, რომელსაც დღეს ვიყენებთ, ამა თუ იმ ტიპის ჩიპით არის აღჭურვილი და დროსთან ერთად, ასეთი მოწყობილობების რაოდენობა მხოლოდ გაიზრდება. ამასთან, მიკროჩიპებზე და პროცესორებზე მოთხოვნის მკვეთრი ზრდა ხელოვნური ინტელექტის ბუმთანაცაა დაკავშირებული, რადგან დიდი ზომის ნეირონული მოდელების განვითარებისთვის დიდძალი კომპიუტერული სიმძლავრე არის საჭირო, რომელსაც, სწორედაც რომ პროცესორები ქმნიან.

წყარო: bm.ge