12 დეკემბერს G7 პლუსის (G7+) შეხვედრაზე, მონაწილეებმა უკრაინის ენერგეტიკული უსაფრთხოების მიმართ ერთიანი და ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურეს და უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიტანილი მიზანმიმართული თავდასხმები მკაცრად დაგმეს.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უკრაინის ენერგეტიკული მდგრადობის გაძლიერებას დაეთმო. G7+ ჯგუფმა ვალდებულება აიღო, უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის აქტიური და პასიური საჰაერო თავდაცვა გააძლიეროს, უზრუნველყოს სარემონტო და აღდგენითი შესაძლებლობების ხელმისაწვდომობა და მიაწოდოს საჭირო აღჭურვილობა, რომელიც ქვეყანაში ადგილობრივად არ იწარმოება.
შეხვედრის თანათავმჯდომარეები ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი კაია კალასი და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი ანიტა ანანდი იყვნენ.
დისკუსიაში აგრეთვე უკრაინის პრემიერმინისტრი იულია სვირიდენკო და ევროკომისარი დან იორგენსენი მონაწილეობდნენ.
მონაწილეებმა G7+ საგარეო და ენერგეტიკის მინისტრების წინა განცხადებები გაიხსენეს და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის მიმართ.
ამ კონტექსტში ჯგუფმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველა სახის თავდასხმა სამოქალაქო, მათ შორის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
მონაწილეების შეფასებით, ბოლო თითქმის ოთხი წლის განმავლობაში, რუსეთმა სერიოზული ზიანი მიაყენა უკრაინის ელექტროენერგიის ინფრასტრუქტურას, გაზის ქსელებს, ატომური ელექტროსადგურების ქვესადგურებსა და განახლებადი ენერგიის ობიექტებს, რის შედეგადაც მილიონობით ადამიანი გათბობისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფები დაზარალდნენ.