ამერიკული  ავტომწარმოებელი Ford Motor კენტუკიში ქარხნის განახლებისთვის 2 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს, სადაც ხელმისაწვდომი ელექტრომობილების აწყობა მოხდება.

კომპანიის პრესრელიზის თანახმად, ქარხანაში წარმოებული პირველი მოდელი საშუალო ზომის ოთხკარიანი ელექტრო პიკაპი იქნება. წარმოების დაწყება 2027 წელს იგეგმება. ეს პიკაპი პოპულარული F-150 Lightning მოდელის უფრო ბიუჯეტური ალტერნატივა იქნება.

ავტომწარმოებელმა ადრე გამოაცხადა 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციის ჩადება მიჩიგანში ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი აკუმულატორების ქარხნის მშენებლობაში. ერთად, ეს პროექტები შექმნის ან შეინარჩუნებს დაახლოებით 4000 სამუშაო ადგილს.

ორშაბათს გამართულ ვაჭრობაზე Ford-ის აქციები 0.3%-ით იაფდება. წლის დასაწყისიდან კომპანიის კაპიტალიზაცია 12.5%-ით გაიზარდა და 45.05 მილიარდ დოლარს მიაღწია.

წყარო: interfax