საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტი 2025-ის შესარჩევ ეტაპზე ესპოოში ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა და 90:83 გაიმარჯვა. სხვათა შორის, ეს ქართული კალათბურთის ისტორიული ანგარიშია – სწორედ 90:83 დაამარცხა თბილისის „დინამომ“ 1962 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდის „რეალი“.

შეხვედრა თავიდან ბოლომდე თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. პირველ წუთებზე ფინელები 7:0 დაწინაურდნენ და მას მერე 30-მა წუთმა ისე ჩაიარა, რომ საქართველოს ნაკრები წინ ვერ გავიდა.

მეოთხე პერიოდის დაწყებამდე ფინელები 63:62-ს იგებდნენ, თუმცა გადამწყვეტი მეოთხედის დასაწყისში თორნიკე შენგელიამ „ჯვაროსნებს“ 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა – 75:65. თუმცა ისევ და ისევ სამქულიანების ხარჯზე საფინალო სირენამდე 3 წუთით ადრე ფინელებმა სხვაობა 4 ქულამდე შეამცირეს (80:76). დარჩენილ დროში სიტუაცია მეტისმეტად დაიძაბა. საფინალო სირენამდე 34 წამით ადრე ბოლდუინმა სამქულიანით საქართველო 85:81 დააწინაურა, თუმცა ფინელები არ ნებდებოდნენ. გადამწყვეტ მომენტში ჯერ ჯინჭარაძემ ჩააგდო ორქულიანი, შემდეგ ბურჯანაძემ – ორი საჯარიმო და სირენამდე 10 წამით ადრე საქართველო წინ გაიყვანა 88:83. ეს უკვე გამარჯვებას ნიშნავდა. საფინალო ანგარიში გიორგი შერმადინმა დააფიქსირა – 90:83.

საქართველოს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა ამერიკელ კამარ ბოლდუინს, რომელმაც გამთამაშებლის პოზიციაზე შედეგიანი მატჩი გამართა (23 ქულა). პირველ ტაიმში ჩვენს გუნდში პერიმეტრიდან მაღალი პროცენტულობით ისროდა დუდა სანაძე, რომელმაც 3 სამიანი ჩააგდო და 9 ქულა მოაგროვა. თორნიკე შენგელიამ მატჩი 24 ქულით დაასრულა.

ეს გახლდათ უმნიშვნელოვანესი მოგება ევრობასკეტი 2025-ის გზაზე. ჯგუფში ოთხი გუნდია: საქართველო, სერბეთი, ფინეთი და დანია. ფინეთი მასპინძელია და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა გარანტირებული აქვს, თუმცა მასთან შედეგები დანარჩენ სამ გუნდს აქტივში ეთვლება. მომდევნო ეტაპზე ოთხიდან სამი გუნდი გადის. თუ გავითვალისწინებთ ფინეთის მასპინძლის სტატუსს, სამი გუნდისთვის ორი გამსვლელი ადგილი რჩება. რადგან სერბეთი აშკარა ფავორიტია, საქართველოს ნაკრების მთავარი ამოცანა ჯგუფში დანიის გადასწრებაა.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში სერბეთის ნაკრებმა დანია სტუმრად 72:52 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 24 ნოემბერს თბილისში ისევ ფინეთთან გამართავს, გადამწყვეტი ორი ტური კი თებერვალში გაიმართება: საქართველო დანიას უმასპინძლებს და სერბეთს ესტუმრება.

1tv.ge