აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 8 აგვისტოს ვაშინგტონში აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებთან დაგეგმილ შეხვედრას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
"მოუთმენლად ველი, რომ ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ხვალ თეთრ სახლში, მშვიდობის ისტორიულ სამიტზე. ეს ორი ქვეყანა მრავალი წელია ომშია, რამაც ათასობით ადამიანის სიკვდილი მოიტანა. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, ამ დრომდე - უშედეგოდ".
აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, მისი ადმინისტრაცია დიდი ხანია ესაუბრება ორივე მხარეს: "ხვალ პრეზიდენტი ალიევი და პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი შემომიერთდებიან თეთრ სახლში „სამშვიდობო ხელმოწერის ცერემონიაზე“.
ტრამპი წერს, რომ სამშვიდობო დოკუმენტის ხელმოწერის გარდა, იქნება ორმხრივი შეთანხმებებიც, რომლებიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის მომავალს შეეხება: ,,აშშ აგრეთვე ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებებს ორივე ქვეყანასთან, ეკონომიკური შესაძლებლობების ერთად განსახორციელებლად, რომ ჩვენ შევძლოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის სრულად გახსნა. ძალიან მეამაყებიან ეს მამაცი ლიდერები, სომხეთისა და აზერბაიჯანის ხალხებისთვის სწორი საქმის კეთების გამო".
თავის პოსტს დონალდ ტრამპი კვლავ 8 აგვისტოს დაგეგმილი შეხვედრების მნიშვნელობის ხაზგასმით ასრულებს:"ეს იქნება ისტორიული დღე სომხეთის, აზერბაიჯანისა და აშშ-ისთვის და მსოფლიოსთვის. ხვალამდე".
გავრცელებული ინფორმაციით, 8 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტი შეხვდება სომხეთის პრემიერ-მინისტრს, შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტს. გამოცემა NEXTA-ს ცნობით, სამი ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ. გამოცემა Washington Post-ის ცნობით, გამორიცხული არ არის, რომ მხარეები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების საბოლოოდ მიღწევის შესახებ გამოაცხადებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის წინა შეხვედრა 10 ივლისს აბუ-დაბიში გაიმართა.