აშშ უკრაინას იარაღს ნატოს გავლით აწვდის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 10 ივლისს განაცხადა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მანამდე ერთი კვირით ადრე პენტაგონმა გაავრცელა ინფორმაცია უკრაინისთვის განკუთვნილი იარაღის ნაწილის მიწოდების დაპაუზებაზე და განმარტა, რომ ამის საფუძველი აშშ-ის იარაღის მარაგის შემცირებაა.

“ჩვენ ვუგზავნით იარაღს ნატოს და ნატო იხდის ამ იარაღის საფასურს, 100%-ს. ჩვენგან რა იარაღიც გადის, მიდის ნატოში და შემდეგ ნატო მიცემს იმ იარაღს (უკრაინას) და ნატო იხდის იმ იარაღისას”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მერცი უკრაინის დასახმარებლად მიმართავს ტრამპს: დადექი ჩვენ გვერდით, ევროპელების გვერდით

მიმდინარე კვირაშივე, პენტაგონის განცხადებაზე კონგრესის ზოგიერთი წევრის უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა ისიც, რომ უკრაინისთვის განკუთვნილი თავდაცვითი იარაღის ნაწილის მიწოდებას განაახლებდა, რუსეთის წინსვლის გაძლიერების ფონზე. ტრამპმა გამოხატა იმედგაცრუება რუსეთის პრეზიდენტ პუტინის მიმართ და აღნიშნა, რომ ის მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესებას განიხილავს.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სწავლობს სენატორების, ლინდსი გრემის (რესპუბლიკელი) და რიჩარდ ბლუმენტალის (დემოკრატი) მიერ ინიციირებულ კანონპროექტს იმ ქვეყნებისთვის სანქციებისა და ტარიფების დაწესებაზე, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთს და აგრეთვე მოიცავს რუსეთის საბანკო სისტემას.

ზელენსკი: როცა რუსეთი აძლიერებს თავდასხმებს, არ შეიძლება გვქონდეს დაფინანსების დეფიციტი დრონების წარმოებაში

“ვფიქრობ, ორშაბათს მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთება მომიწევს რუსეთზე”, - თქვა ტრამპმა NBC-სთან ინტერვიუში.

11 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელმა კით კელოგმა უკრაინულ მედიას განუცხადა, რომ 14 ივლისს ერთი კვირით ეწვევა უკრაინას. მკაფიო არ არის უკავშირდება თუ არა კელოგის ვიზიტი ტრამპისგან მოსალოდნელ “მნიშვნელოვან განცხადებას” რუსეთზე.

radiotavisupleba.ge