„პარი სენ-ჟერმენის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიტინიამ უეფა-ს სუპერ თასის ფინალის წინ 2026 წლის „ოქროს ბურთის“ გათამაშების შესახებ ისაუბრა.
პორტუგალიელის თქმით, სავსებით დამსახურებული იქნება, თუ ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ საფეხბურთო ჯილდოს „პარი სენ-ჟერმენის“ წარმომადგენელი მოიპოვებს.
„წლევანდელი „ოქროს ბურთის“ მოპოვების შანსი ბევრ შესანიშნავ ფეხბურთელს აქვს, მაგრამ, ჩემი გადასახედიდან, სავსებით დამსახურებული იქნება, თუ ჯილდოს პსჟ-ის წარმომადგენელი დაეუფლება, მაგალითად, კვარაცხელია, რომლის სეზონიც, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, უბრალოდ ფანტასტიკური იყო.
ასევე შეგვიძლია, ვახსენოთ უსმან დემბელე მორიგი ბრწყინვალე სეზონით და ფაბიანი, ვინც აბსოლუტურად ყველა ტიტული დაისაკუთრა. პირადად მე უპირატესობას სწორედ ამ სამეულს მივანიჭებდი. რა თქმა უნდა, არიან სხვა უმაღლესი დონის მოთამაშეებიც – კეინი, მბაპე და სხვები, რომლებიც ასევე უძლიერესები არიან. თუმცა საბოლოო არჩევანის უფლება რომ მქონდეს, ჩემს ხმას მაინც პარიზული გუნდის ფეხბურთელს მივცემდი“, – ამბობს ვიტინია.
უეფა-ს სუპერ თასის ფინალი 12 აგვისტოს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, შეხვედრას ზალცბურგი უმასპინძლებს. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული „პარი სენ-ჟერმენი“ ევროპის ლიგის მომგებ „ასტონ ვილას“ შეხვდება და შესაძლებლობა ექნება, სეზონი ტიტულით გახსნას.