ჩინური პორტის მშენებლობის გეგმები ყოფილი საბჭოთა ქვეყნის პოლიტიკაში არეულობას იწვევს, - ამ სათაურით სტატიას გამოცემა The New York Times-ი აქვეყნებს.
„საქართველოს მთავრობამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია იმის გამოცხადებით, რომ შავ ზღვაზე პორტის პროექტი ჩინურ კომპანიას გადაეცემოდა, მას შემდეგ, რაც კონსორციუმთან დადებული ხელშეკრულება, რომელშიც დასავლური კომპანიები შედიოდნენ, გაუქმდა“, - ნათქვამია სტატიაში.
სტატიის ავტორი, ივან ნეჩეპურენკო აღნიშნავს, რომ საქართველოში კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა ნათელი ხდება.
„წელიწადზე მეტია, პროდასავლური საპროტესტო მარშის მონაწილეები საქართველოში, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, თავიანთ მთავრობას იმაში ადანაშაულებენ, რომ ის მოსკოვს ნებას რთავს ქვეყანაზე კონტროლი აღადგინოს. მაგრამ, 3,6 მილიონიან ქვეყანაში მოგზაურობისას ნათელი ხდება კიდევ ერთი ამბიციური ძალის გავლენა. ბოლო წლებში ჩინეთმა რეგიონში თავისი საქმიანობა გააძლიერა, ინფრასტრუქტურის აშენებითა და სავაჭრო მარშრუტების გაფართოებით, რითაც იმედოვნებს, რომ მის ეკონომიკას გააძლიერებს“, - წერს ავტორი.
ავტორი წერს, რომ ცენტრალურ საქართველოში ჩინელი მუშები კლდეებში გვირაბებს ჭრიან, რათა ქვეყნის აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად თანამედროვე გზატკეცილი ააშენონ.
„ქვეყნის ჩრდილოეთით, ჩინურ კომპანია China Railway Tunnel Group-ს 5,5 მილის სიგრძის გვირაბი გაჰყავს, რათა რუსეთთან დამაკავშირებელი გზატკეცილი გააფართოოს. ქვეყნის დასავლეთში მზადება კიდევ ერთი ჩინური კომპანიის, China Communications Construction Company-სთვის მიმდინარეობს, რათა შავ ზღვაზე საქართველოს პირველი ღრმაწყლოვანი პორტი ააშენოს, პეკინის „სარტყელი და გზის“ ინფრასტრუქტურისა და სავაჭრო ინიციატივის ფარგლებში“, - აღნიშნავს ავტორი.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ პორტს ჯერჯერობით სახელი არ აქვს, თუმცა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ დებატების საკითხს წარმოადგენს, „რეგიონში ჩინეთის მზარდი გავლენისა და ქვეყნის კურსის დასავლეთიდან შემობრუნების შესახებ“.
„სიტუაციას ისიც ამწვავებს, რომ პროექტი ჩამოართვეს ქართულ, ევროპულ და ამერიკულ კომპანიების ჯგუფს - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ - და საბოლოოდ გასული წლის მაისში ჩინურ კომპანიას დაპირდნენ. გასული წლის ივლისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პორტის პროექტის მინიჭება ჩინური კომპანიისთვის „შეუთავსებელია ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირში დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში“ გაწევრიანების სურვილთან“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი წერს, რომ „პორტი, სავარაუდოდ, კავკასიასა და რეგიონში საერთაშორისო ვაჭრობას გარდაქმნის და საქართველოს რეგიონულ სატრანსპორტო კვანძად გარდაქმნას შეუწყობს ხელს. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება, მაგრამ ჩინური კომპანია პორტის 49%-ს მიიღებს, ხოლო საქართველოს მფლობელობაში საკონტროლო წილი იქნება. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ პირველ ეტაპზე ჩინური სამშენებლო კომპანიისგან 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას ელის”.
„ჩინეთისთვის პორტი კავკასიაში კარიბჭე გახდება, რომელიც აზიას ევროპასთან დააკავშირებს „შუა დერეფნის“ მეშვეობით. ეს საშუალებას მისცემს ჩინურ კომპანიებს თავიანთი საქონელი ჩინეთიდან რკინიგზით ცენტრალური აზიისა და კასპიის ზღვის გავლით ევროპაში გადაიტანონ. რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორად ითვლება, შეიძლება პროექტის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარი გახდეს. პორტის გარშემო ვითარება ხაზს უსვამს იმას, თუ როგორ იზრდება რეგიონში მეტოქეობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის და ეს საქართველოს მსგავს პატარა ქვეყნებს ითრევს“, - ნათქვამია სტატიაში.