ჩინური ბრენდი, BYD საავტომობილო სპორტის ბაზარზე, მათ შორის, ფორმულა 1-ის რბოლაში შესვლას განიხილავს, რომ გლობალური მიმზიდველობა გაზარდოს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ჩინური ავტომწარმოებელი ფორმულა 1-ში მონაწილეობის სხვადასხვა ვარიანტს იკვლევს, როგორიც არის საკუთარი გუნდის შექმნა ან პოტენციური შესყიდვა.

სააგენტოს ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ფორმულა 1-ში მონაწილეობის პოტენციური ხარჯი შესაძლოა, BYD-სთვის მნიშვნელოვანი დაბრკოლება იყოს. რბოლაში მონაწილეობა მრავალწლიან მოლაპარაკებებსა და სეზონზე 500 მლნ დოლარამდე ხარჯს მოითხოვს.

გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და კომპანიამ შესაძლოა, არცერთ რბოლაში მონაწილეობა არ მიიღოს.

ფორმულა 1-თან პარტნიორობა აშშ-ში BYD-ის ცნობადობას მნიშვნელოვნად გაზრდის. ამჟამად კომპანია, ძირითადად, მაღალი ტარიფებისა და ბაზრის შეზღუდვების გამო აშშ-ში ავტომობიელბს არ ყიდის. თავად სპორტი ამ ქეყანაში პოპულარობის ზრდას რბოლების რაოდენობის ზრდის გამო განიცდის.

ფორმულა 1-ის მმართველმა ორგანომ, FIA-მ ჩინეთის გუნდის მონაწილეობის სურვილი არაერთხელ გამოთქვა.

ფორმულა 1-ის მიმართ BYD-ის ინტერესი გლობალური გაყიდვების სწრაფი ზრდით, ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომობილებზე კომპანიის გადასვლით არის განპირობებული. 2022 წლიდან ბრენდმა მხოლოდ ბენზინზე მომუშავე ავტომობილებზე მთლიანად უარი თქვა.

თავის მხრივ, ფორმულა 1-იც ელექტროფიკაციაზე თანდათანობით გადადის. ათწლეულზე მეტია, ავტომობილები ჰიბრიდულ ძრავებს იყენებენ, ხოლო წელს წესები კიდევ უფრო მკვეთრად შეიცვლება. MGU-K-ის ელექტროძრავა 350 კვტ-მდე სიმძლავრის გენერირებას შეძლებს, რომელშიც, დაახლოებით, ნახევარი ელექტრონული წილი იქნება.

წლევანდელი სეზონის ჩემპიონატში თერთმეტი გუნდი მონაწილეობს, ხოლო თუ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, BYD მე-12 გუნდი გახდება. ასევე, არსებული გუნდის, კერძოდ, Alpine F1 Team-ის შეძენის ვარიანტიც განიხილება.

ცნობისთვის: 2025 წელს BYD-მა Tesla-ს გადაუსწრო და მსოფლიოში ელექტრომობილების უდიდესი მწარმოებელი გახდა. კერძოდ, კომპანიამ 4.6 მლნ, მათ შორის, 2.3 მილიონი სრულად ელექტრო და ამდენივე plug-in ჰიბრიდული ავტომობილი გაყიდა, მაშინ, როცა Tesla-ს გაყიდვებმა მხოლოდ 1.6 მლნ ელექტრომობილი შეადგინა. ამასთან, მიმდინარე წლის მარტში BYD-მა ელექტრომობილის აკუმულატორი წარადგინა, რომლის 70%-მდე მხოლოდ ხუთ წუთში იტენება.

www.bpn.ge